გიგი უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ მოსამართლე ლილი მსხილაძის თავმჯდომარეობით, დააკმაყოფილა გიგი უგულავას დაცვის მხარის შუამდგომლობა, პატიმრობიდან მისი გათავისუფლების თაობაზე. – იუწყება ნეტგაზეთი. 

დაცვის მხარე უგულავას გათავისუფლებას ითხოვდა საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების საფუძველზე, რომლის მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადდა სსსკ-ის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ, მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე, მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

უგულავას წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის აუცილებელი იყო, რომ მისი აღკვეთის ღონისძიების ზომა – პატიმრობა გაეუქმებინა საერთო სასამართლოს, ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნულ ინსტანციას დღეს უგულავას ადვოკატებმა მიმართეს შესაბამისი შუამდგომლობით.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა 2014 წლის 3 ივლისს დააკავეს აეროპორტში, როდესაც ის კიევში უნდა გამგზავრებულიყო. უგულავას რამდენიმე საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი. პირველად მას ბრალი 2013 წლის თებერვალში წარუდგინეს, თუმცა მაშინ სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეუფარდა. უგულავა წინასწარ პატიმრობაში ერთ წელზე მეტია, რაც იმყოფება.

უგულავას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 2015 წლის აპრილში იწურებოდა, თუმცა მარტში პროკურატურამ მას ახალი ბრალდება წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრის მიტინგის დარბევის საქმეზე. ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. თუმცა მათგან მხოლოდ მერაბიშვილი და უგულავა დარჩნენ საქართველოში ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან. შესაბამისად, დღევანდელ სასამართლო პროცესსაც სწორედ უგულავა და მერაბიშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button