მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე მივიდა

“მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში, თუმცა მქონდა ზოგადი ინფორმაცია და ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ.” – განაცხადა “მთავარი არხის” ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ სასამართლოში შესვლამდე.

გიორგი გაბუნია ჩვენების მისაცემად თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. ის მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. სუს-ში მისვლაზე გაბუნიამ უწყების მიმართ უნდობლობის მოტივით უარი განაცხადა.

როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას არ ჰგონია, გამოძიებამ კადიროვთან დაკავშირებით დაუსვას შეკითხვები, გარდა ამისა, გაბუნია ამბობს, რომ დანაშაულის მომზადების მოტივი, მისი ვარაუდით, პუტინის მისამართით გაკეთებული განცხადებები გახდა.

“მთავარი არხის”ჟურნალისტის თქმით, მის მიმართ განხორციელებული თვალთვალის შესახებ მისმა დაცვამ დაახლოებით, ორი თვის წინ შეამჩნია.

მოისმინეთ ჟურნალისტებთან გიორგი გაბუნიას საუბარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დასრულების შემდეგ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ მას სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს.

გაბუნიას თქმით, მიიღებს თუ არა აღნიშნულ შეთავაზებას, ჯერჯერობით, უცნობია და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ის კონსულტაციას ადვოკატთან გაივლის.

„შემომთავაზეს ნებისმიერი სახის დაცვა, რაზეც უნდა მოვილაპარაკო ჩემს ადვოკატთან. უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხი. მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს. უნდა შევაფასოთ საფრთხეები და დღეს ასე მოხდა, რომ დაცვა შემოგვთავაზეს. თუ გინდა სახელი და გვარიც შეიცვალეო და ყველანაირი დაცვა შემომთავაზეს. მოვილაპარაკებთ ადვოკატთან.” – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

„მთავარი არხის“ ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმის პროკურორის, მაია სილაგაძის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, არაერთი მოწმე დაიკითხა.

მისივე თქმით, სხვა მოწმეების დაკითხვა გაგრძელდება, თუმცა პროკურორი კონკრეტულ პიროვნებებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ საუბრობს.

“არაერთი მტკიცებულება იქნა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული, მათ შორის, ხორციელდებოდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები, ასევე, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. ბრალდების მხარე, გამოძიებასთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. ამ საქმეზე, გარდა დღეს დასაკითხი პირებისა, გამოძიების პროცესში დაიკითხა არაერთი მოწმე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა მოწმეების გამოკითხვაც. ვინ მონაწილეობდა, ვინ იყო თანამზრახველი, ვისი შეკვეთით ხორციელდებოდა აღნიშნული ქმედება, ამის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. დაკითხული არიან სხვადასხვა მოწმეები, თუმცა კონკრეტულ ვინ, საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ამ ეტაპზე ამაზე ვერ ვისაუბრებთ.” – განაცხადა სილაგაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია, მისი შესაძლო ლიკვიდაციის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button