გიორგი კარბელაშვილის დაკავების საქმე

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათი დაკავებული ჰყავდათ. ინციდენტი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში მოხდა.
მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც ის დააკავეს. კარბელაშვილი თავდაპირველად ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ახლობლები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვნენ მის ნახვას. მათ ასევე სურდათ პოლიციის სახელზე განაცხადის დაწერა, თუმცა – უშედეგოდ.

ოსიაურში ჩავიდა საპარლამენტო – უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძეც, მაგრამ მას შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც შელაპარაკება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, კარბელაშვილი ოსიაურიდან გორიში გადაიყვანეს და ამ დროისთვის უკვე გათავისუფლებულია.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი კარბელაშვილის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის ბორჯომ-თბილისის ავტომაგისტრალზე გააჩერეს ავტომანქანა, რომელსაც პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი მართავდა.

შსს-ს განცხადებით, დოკუმენტაციის და ალკოტესტით შემოწმების მოთხოვნის საპასუხოდ, გიორგი კარბელაშვილმა საპატრულო ეკიპაჟის წევრებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ის თანმხლებ პირთან ერთად გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

სამინისტროს ცნობითვე, შემოწმებით დადგინდა, რომ გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მისი თანმხლები პირიც. შემოწმების შემდეგ კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა, მისი თანმხლები კი დაკავებულია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button