რუსეთმა ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი დაიწყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 31 ივლისს, განაცხადა, რომ დაიწყო არასტრატეგიული (ტაქტიკური) ბირთვული ძალების წვრთნების მესამე ეტაპი, რომელშიც მონაწილეობენ ცენტრალური და სამხრეთის სამხედრო ოლქების ქვედანაყოფები და საჰაერო-კოსმოსური ძალების პირადი შემადგენლობა.
თავდაცვის სამინისტროს თანახმად, წვრთნების მესამე ეტაპზე „დამუშავდება შეიარაღებული ძალების ნაწილების მომზადების საკითხები არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის”.
უწყება ამბობს, რომ სამხრეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქების სარაკეტო ფორმირებების პერსონალი შეიმუშავებს საბრძოლო მომზადების ამოცანებს “ისკანდერ-მ” ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემისთვის სპეციალური სასწავლო საბრძოლო მასალის მოპოვების მიზნით.
“სწავლების მიმდინარე ეტაპი მიზნად ისახავს დანაყოფების პერსონალისა და აღჭურვილობის მზადყოფნის შენარჩუნებას რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისთვის საბრძოლო მისიების შესასრულებლად”, – ამბობს რუსეთის თავდაცვა.
რუსეთის ხელისუფლებამ 6 მაისს განაცხადა, რომ ტაქტიკური ბირთვული ძალების წვრთნებს ჩაატარებს. 21 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა პირველი ოფიციალური ცნობა სწავლების დაწყების შესახებ, 11 ივნისს კი გამოაცხადა, რომ წვრთნები გადავიდა მეორე ეტაპზე და მასში ბელარუსის არმიის სამხედროებიც ჩაერთნენ.
რუსეთის თანახმად, არასტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები მიმართულია „რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უპირობო უზრუნველყოფისკენ რუსეთის ფედერაციის მიმართ დასავლეთის ცალკეული ოფიციალური პირების პროვოკაციული განცხადებების და მუქარის პასუხად“. ვის და რომელ განცხადებებს გულისხმობდნენ, დაკონკრეტებული არ ყოფილა.
წვრთნების დაწყებამდე, რუსეთის ხელისუფლებისგან მწვავე რეაქციები მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოსაზრებას, რომ შესაძლებელია უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრის, დევიდ კამერონის განცხადებას, რომ უკრაინის უფლებაა, ბრიტანეთისგან მიღებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს.
წვრთნების პირველი ეტაპი მაისში გაიმართა, მეორე – ივნისში.