გიორგი ცერცვაძე უკრაინის სასამართლომ გაათავისუფლა

რუსეთის ფედერაციის მოხთხოვნით უკრაინაში დაკავებულმა ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ცერცვაძემ ლუკიანოვსკის საპატიმრო დაწესებულება უკვე დატოვა.

ცერცვაძის გათავისუფლებას წინ უძღვოდა პროკურატურის გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის შესახებ.

მას მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის წევრებიც დახვდნენ, მათ შორის იყო ხატია დეკანოიძეც. მისი თქმით, უკრაინის პროკურატურამ სისხლის სამართლის დევნა შეწყვიტა.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს “ხელისუფლებამ ჩააფლავა” ეს საქმე და მისი თქმით, გიორგი ცერცვაძის გათავისუფლება საზოგადოების დამსახურებაცაა.

უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ უკრაინის მხარემ ქართველი მებრძოლის, გია ცერცვაძის გამოშვებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ის ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

ცერცვაძეს გათავისუფლების შესახებ ჯერ-ჯერობით საქართველოს ხელისუფლებას კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა რომ “საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას, მით უმეტეს ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს ჩვენს ტერიტორიაზე”

“ორი დღეა, ჩვენი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ყოველწუთიერ კონტაქტზეა უკრაინის გენერალურ პროკურორთან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს საქმე გადაწყდება ისე, რომ ბატონი ცერცვაძე არ იქნება გადაცემული რუსეთისთვის. თუმცა, მთავარი აქ სულ სხვა რამ არის – ჩვენს ოპონენტებს აქვთ სურვილი, მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლების რეჟიმში. მათ აიყოლიეს საკუთარი ტელევიზია, მათი პარტნიორი ტელევიზიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი და უნდათ, ამოგვაგდონ მთავარი დღის წესრიგიდან და მუდმივად ვიმყოფებოდეთ თავის მართლებაში, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყნის დამაქცევარნი”,-აღნიშნა პრემიერმა.

დღეს გია ცერცვაძის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ პირველი ინსტანციიდან არ მიუღია დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მისი გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, შესაბამისად პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო, თუმცა მოგვიანებით ბიუროკრატიული დეტალები მოგვარდა და ცერცვაძე გაათავისუფლეს.

მოუსმინეთ კომენტარებს, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი-2” – მა გაავრცელა

მსგავსი პოსტები

Back to top button