მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

“გირჩი”: “გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობის აკრძალვები”

„გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს, გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვები, როგორებიცაა:

მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზუდვა;

სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში;

ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომის აკრძალვა;

ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.

შესაბამისი სარჩელი სასამართლოში 13 აპრილს შევა. პარტიაში ფიქრობენ, რომ დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციური და არაგონივრულია და მათი ნაწილი მიმოსვლის თავისუფლებას, ნაწილი კი, თავისუფალი განვითარების უფლებას ეწინააღმდეგება.

„ხელისუფლების მიერ გამოყენებული ზომები არაგონივრულია და მოკლებულია საღ აზრის. მაგალითად, ოჯახის წევრებს, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, ერთ ჭერქვეშ, ერთად სადილობენ, ვუკრძალავთ საჯარო სივრცეში ერთად შეკრებას და გადაადგილებასაც კი“, – ამბობს ლევან ჯგერენაია, „გირჩის“ წევრი.

ერთ-ერთი მოსარჩელე, ვისი სახელითაც „გირჩს“ სარჩელი შეაქვს, – პარტიის განცხადებით, იმის გამო დააჯარიმეს, რომ მანქანაში საკუთარი შვილი გვერდით ეჯდა.

თეკლა დავითულიანი ერთ-ერთია, ვისი საქმეც „გირჩის“ მიერ მომზადებულ სარჩელშია. ის ამბროლაურში, სამ კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრის წესის დარღვევისთვის, 3 აპრილს, საღამოს 6-ის ნახევარზე დააჯარიმეს.

საგანგებო მდგომარეობის, კომენდანტის საათისა და საკარანტინო წესების დარღვევის გამო, 27 მარტიდან დღემდე 9 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button