“გირჩის” ლიდერებს ანგარიშები დაუყადაღეს
მას შემდეგ, რაც “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ოპოზიციიდან მაჟორიტარობის კანდიდატად კენჭისყრა დააანონსა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მას საბანკო ანგარიშები დაუყადაღა.
ანგარიშების დაყადაღებას ზურაბ ჯაფარიძე თავის განცხადებას უკავშირებს, სადაც იგი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრაზე საუბრობდა. მისი თქმით, “ქართული ოცნება” ცდილობს, რომ ოპონენტს ფინანსური პრობლემები შეუქმნას.
“მე მაქვს რამდენიმე ჯარიმა, მათ შორის, 2 000 და 3 000 ლარიანი. არის ისეთი ჯარიმებიც, რომელიც დამაკისრეს ორი წლის წინ. აქამდე სახელმწიფოს არ გახსენებია, რომ მოეკითხა ამ ჯარიმებისთვის და აღსრულება დაეწყო, ამიტომ გასაგებია, რომ ეს არ არის დამთხვევა.
“ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ დღეს დილით განცხადება გავავრცელე და დავასახელე საკუთარი თავი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად. ასევე მაქვს შანსი, რომ ვიყო ერთიანი ოპოზიციური კანდიდატიც.
“ამ ყველაფერს პირდაპირ ვუკავშირებ ამ ამბავს იმიტომ, რომ მეტი ფანტაზია “ქართულ ოცნებას” არ აქვს და პირველი რაც მოიფიქრეს, არის ის, რომ ფინანსური პრობლემები შემიქმნან, ამიტომ ყადაღა დამადეს ყველა ანგარიშზე.” — აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე გირჩი ტვ-სთან საუბრისას.
ზურაბ ჯაფარიძე გასული წლის ნოემბერში, პროპორციულ საარჩევნო სისტემის ცვლილების ჩაგდების შემდეგ, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მოგვიანებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ჯაფარიძე აცხადებდა, რომ იგი არ აპირებდა ჯარიმის გადახდას, რადგან უსამართლოდ მიიჩნევდა.
გირჩის ლიდერის განცხადებით, მას ჯამში, სახელმწიფოს მხრიდან 7 “უსამართლო” ფულადი ჯარიმა აქვს, მათ შორის, კარანტინის გაუქმების მოთხოვნით ჩატარებული აქცია-სეირნობისთვის, როდესაც იგი 3 000 ლარით დააჯარიმეს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში განაცხადეს, რომ სასამართლოს განჩინების შემოსვლისთანავე, ბიურო დაუყონებლივ, ელექტრონული წესით აყადაღებს საბანკო ანგარიშებს.
ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ “გირჩის” ბორდის წევრის, იმედა კლდიაშვილის ანგარიშებიც დააყადაღა.
დღეს, 10 აგვისტოს გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარად იყრის კენჭს. მისი თქმით, კანდიდატურის წარდგენამდე, მას წინასწარი კონსულტაციები რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერთან ჰქონდა, რომლებმაც კენთილგანწყობა დაუდასტურეს. მას იმედი აქვს, რომ ეს კეთილგანწყობა პოლიტიკურ მხარდაჭერაში გადაიზრდება.
“ევროპული საქართველოს” ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ მისი პარტია მზადაა, ზურაბ ჯაფარიძე ოპოზიციის მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატი იყოს.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ზურაბ ჯაფარიძის დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მხარდასაჭერად, ენმ ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილებას დაელოდება.
დიდუბის მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატი გიორგი ვოლსკია.