მსოფლიოსიახლეები

“გლობალური ეკონომიკა 5.5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს”

კორონავირუსის პანდემიის გამო, გლობალური ეკონომიკა 2020-2021 წლებში 5,5 ტრილიონ დოლარს იზარალებს. ინფორმაციას ამის შესახებ JP Morgan Chase-ის ანალიტოკოსებზე დაყრდნობით, Bloomberg ავრცელებს.

შედარებისთვის, იაპონიის მშპ, რომელიც სიდიდით მეოთხე ეკონომიკაა, 4,8 ტრილიონ დოლარს შეადგენს. “1930-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ, მსოფლიო ყველაზე მასშტაბური რეცესიის ფაზაში შედის”, — წერია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში.

პროგნოზების მიხედვით, კლება დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა გლობალური ეკონომიკის მოცულობა პანდემიამდე არსებულ მოცულობას 2022 წლისთვის აღიდგენს. “მონეტარული და ფისკალური სტიმულების არნახული მასშტაბების მიუხედავად, მსოფლიო მშპ კრიზისამდელ მაჩვენებლებს 2022 წლამდე ვერ დაიბრუნებს”, — ნათქვამია პროგნოზში.

პროგნოზი შედარებით უფრო ოპტიმისტურია განვითარებული ეკონომიკებისთვის, რომლებსაც კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი გააჩნიათ. პროგნოზის მიხედვით, განვითარებული ქვეყნების მპშ კრიზისამდელ მაჩვენებლებს 2021 წლის მესამე კვარტალში დაუბრუნდება.

საგრძნობლად უფრო მძიმე მოლოდინები არსებობს განვითარებადი ეკონომიკების მიმართ. “კონცენტრირებული და კოორდინირებული ზომების გარეშე, განვითარებად ეკონომიკებში კრიზისი შესაძლოა ძალიან დიდხანს გაგრძელდეს” — ამბობს ანალიტიკოსი ამლან როი.

“თუკი განვითარებადი ბაზრები ივნისისთვის არ დაიწყებენ აღდგენას, კრიზისი შესაძლოა კიდევ წლები გაგრძელდეს, როგორც განვითარებად აზიურ და ლათინური ამერიკის ქვეყნებში. პანდემიის გავლენა ამ ეკონომიკებში შესაძლოა 5-დან 10 წლამდე გაგრძელდეს.”

ამავდროულად პროგნოზი სახელმწიფოების მხრიდან სწორი და მასშტაბური ზომების მიღებაზეა გათვლილი. გამოწვევაზე არაკოორდინირებული და არასაკმარისი ძალისხმევის შემთხვევაში, ზარალი შესაძლოა კიდევ უფრო მასშტაბური იყოს.

worldometers.info-ს მონაცემებით, ამ მომენტისთვის, მსოფლიოში COVID-19-ის 1 524 375 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 88 965 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 332 869 პაციენტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button