GNCC: ჰერეთი გამარჯვებულად გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (GNCC) ვებგვერზე ჰერეთის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. გთავაზობთ განცხადების სრულ შინაარსს:
“საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება აღასრულა და 2013 წლის 21 ივნისს №403/10 გადაწყვეტილებით რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ გამოავლინა.
შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ FM93.5-ზე თბილისის სამაუწყებლო ზონაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი გახდა. კომპანიის მიერ წარმოადგენილი სამაუწყებლო კონცეფციის თანახმად, რადიო „ჰერეთი“ მსმენელს შესთავაზებს შემდეგი თემატიკის სამაუწყებლო პროდუქციას: ახალი ამბები; საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამა; ანალიტიკური პროგრამა; საგანმანათლებო-შემეცნებითი პროგრამა; ახალგაზრდული პროგრამა; საბავშვო პროგრამა; მუსიკალურ-გასართობი პროგრამა და სპორტული პროგრამა.
2013 წლის 21 ივნისს №403/10 გადაწყვეტილებით კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში, თავდაპირველად, შპს „ენერჯი გრუპი“ გამოცხადდა, თუმცა 2014 წლის 15 იანვარს კომისიამ რადიომაუწყებლობის კონკურსში გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოაცხადა. ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას საფუძვლად 2013 წლის ნოემბრის თვეში მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული განცხადება დაედო, რომლის თანახმადაც, კახა ბაინდურაშვილი, რომელიც წარმოადგენდა შპს „ენერჯი გრუპის“ დამფუძნებელს და დირექტორს, იმავდროულად საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტიც იყო (ეს ინფორმაცია კონკურსის ჩატარების მომენტისთვის კომისიისთვის უცნობი იყო). საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა კი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი კი ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირია. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი ცალსახად განსაზღვრავს, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრეები არ შეიძლება იყვნენ ადმინისტრაციული ორგანო ან/და ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირები.
აღნიშნულ საკითხზე, სასამართლო დავები მიმდინარეობდა როგორც შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთსა“ და კომისიას შორის, ისე შპს „ენერჯი გრუპსა“ და კომისიას შორის. 2015 წლის 12 ივნისს სასამართლომ მიიღო განჩინება სასამართლო განხილვების შეწყვეტის თობაზე, რომლითაც, ამავე დროს, კომისიას დაევალა შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ მიერ 2013 წლის 21 ივნისს №403/10 გადაწყვეტილებით კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხელახლა შესწავლა, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღასრულა და თბილისის სამაუწყებლო ზონაში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი“ გამოავლინა.” – ნათქვამია განცხადებაში.