მნიშვნელოვანი

GNCC-ის წინააღმდეგ დავაზე, გადაწყვეტილება 28 თებერვალს გამოცხადდება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დავაზე მთავარი სხდომა დასრულდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსარჩელე, მოპასუხე და საქმეში მესამე პირად ჩართული „რადიო ცენტრი +“ (რადიო პალიტრა) სიტყვით გამოვიდნენ; შემდეგ კი, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ჰერეთმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სასამართლოში მას შემდეგ უჩივლა,რაც სამაუწყებლო ლიცენზიის კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.

ჰერეთი ახალი რადიოსადგურის, – რადიო “ბათუმის” გაშვებას გეგმავდა, ხოლო “რადიო ცენტრი +” რადიო პალიტრის განვრცობას დედაქალაქიდან ბათუმში.

2017 წლის 24 აგვისტოს, კომისიამ, ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიმაუწყებლობის კონკურსში მონაწილე კომპანიებს – რადიო ჰერეთსა და რადიო “პალიტრას” შორის, გამარჯვებული ვერ გამოავლინდა. კონკურსი კი იმ მოტივით ჩაშალა, რომ “ორი წარმატებული მედიასაშუალება კონკურსის პირობებით, არათანაბარ პირობებში ჩააყენა”.

კონკურს წინ უძღვოდა რამდენიმე მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსის პირობები კომისიის არცერთ წევრს ეჭვქვეშ არ დაუყენებია. კონკურსის დღეს კი კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა განაცხადა, რომ კონკურსის ამ სახით გამოცხადება ,,მისი პირადი შეცდომაა”.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან, აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობას და კონკურსში რადიო ჰერეთის გამარჯვებულად გამოცხადებას ითხოვს. ჰერეთის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა” ასოციაცია იცავს.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონკურსი თავიდანვე დარღვევებით გამოცხადდა და კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლის თაობაზე, პირადი შეხედულების მიხედვით, უკანონოდ მიიღო.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. ბათუმში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ორი ახალი კონკურსი დანიშნა, მათ შორის ერთ-ერთ კონკურსში კი, გამარჯვებულად, რადიო პალიტრა გამოაცხადა.

საქმეზე განაჩენი 28 თებერვალს გამოცხადდება.

მოუსმინეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტის, მიხეილ ჯახუას და სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დირექტორის, რამაზ სამხარაძის ხმას.

მსგავსი პოსტები

Back to top button