მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გრიგოლიამ TV პირველის დირექტორის თანამდებობა დატოვა

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ TV პირველში დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა და აღნიშნა, რომ მიზეზებზე დამატებით არ ისაუბრებდა.

“ბოლო პერიოდში ჩემი საქმიანი და ჩემი ოჯახური ინტერესები ძალიან შეეჯახა ერთმანეთს… ვაწყენინე უამრავ ადამიანს, იმიტომ რომ არ ჩავერიე (არც არასდროს ჩავერევი!) მწვავე რეპორტაჟების გაკეთებასა და გაშვებაში, ვაწყენინე უამრავ მეგობარს და ახლობელს, რადგან მართლა მჯერა, როცა ჟურნალისტი ხარ არასოდეს არავის ინტერესებით არ უნდა დაგეგმო გადაცემა ან რეპორტაჟი, მაგრამ ამ ბოლო დროს ვაწყენინე და ლამის დავკარგე ჩემი ოჯახის წევრები, ტელევიზიაში გადიოდა რეპორტაჟები, რომელიც პირდაპირ მათ სამსახურს ეხებოდა.” – ასე ხსნის თავის გადაწყვეტილებას გრიგოლია.

როგორც ის აღნიშნავს, გადაწყვეტილება თავად მიიღო.

“აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, რომლებსაც ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში. ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი.” – წერს გრიგოლია.

გრიგოლია კვლავ იქნება ამ არხის წამყვანი და ერთ-ერთი გადაცემის პროდიუსერი, დირექტორის თანამდებობას კი, არხის მფლობელი ვატო წერეთელი დაიკავებს.

ინგა გრიგოლიას გადაწყვეტილებას არხის დამფუძნებელი ვატო წერეთლი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ორშაბათიდან ტელევიზიის დირექტორი თავად იქნება და ინგა გრიგოლიას შემცვლელის მოძებნაზე არც უფიქრია.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, ინგა გრიგოლიას, რომლის დირექტორობის დროს ტვ “პირველმა” მიაღწია უდიდეს წარმატებებს, წარმოუდგენლად მოკლე დროში მოახერხა გაეკეთებინა ბევრი ახალი პროექტი, საინტერესო, ყურებადი, შინაარსიანი და დინამიური. ერთი წელიც არ გასულა, რაც მან ეს პოზიცია დაიკავა და მე თვითონვე ვეღარ ვცნობ ჩვენს ტელევიზიას. არ აქვს არც ერთი დასვენების დღე, მუშაობს კვირაში შვიდი დღე, დილიდან ღამემდე, დაუჯერებელ ენერგიას ახარჯავს საქმეს, რომელიც ასე ძალიან უყვარს.

“შევეცადე, გამეგო მისი გადაწყვეტილების. მიყვარს, ვაფასებ და სულ მაქვს მისი იმედი, დირექტორი იქნება თუ არა, ის სულ დირექტორია ჩემს თვალში.” – წერს ვატო წერეთელი.

გრიგოლია არხის დირექტორი გასული წლის ოქტომბერში გახდა, პარალელურად კი, წამყვანობას ითავსებდა. ბოლო რამდენიმე კვირაა ის TV პირველის ერთ-ერთი გადაცემის პროდიუსერიც გახდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button