“გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც!”
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ მრევლს აღდგომის დღსასწაულზე სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. სასულიერო პირების უმრავლესობისგან განსხვავებით, ის აცხადებს, რომ მორწმუნეებმა უნდა გაითვალისწინონ ექიმებისა და ეპიდემიოლოგების რჩევები.
“პირდაპირ მოგვიწოდებენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, რომ მოვერიდოთ ნებისმიერი სახის შეკრებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენგან, სასულიერო პირებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, თქვენ არ ხართ ვალდებულნი დაესწროთ ღვთისმსახურებებს. მე არ მაქვს უფლება, რომელიმე თქვენგანს ავუკრძალო შაბათ საღამოს ტაძარში მოსვლა, არც ის შემიძლია, რომ შიგნიდან ჩავკეტო ეკლესია, მაგრამ, როგორც თქვენი ეპისკოპოსი, როგორც თქვენი ჯანმრთელობისთვის მუდამ მზრუნველი და მლოცველი რიგითი თანამოქალაქე, ძალიან გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დარჩეთ სახლებში და შეზღუდოთ კონტაქტები. გთხოვთ, დარჩით სახლებში აღდგომასაც!” — წერს ის.