გუმათი კვლავ პროტესტის ეპიცენტრია
პოლიციიის მიერ კედლის აღმართვას საპროტესტო აქციის მონაწილეები რკინის კონსტრუქციაზე ბრახუნით აპროტესტებენ, რასაც პოლიციის მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა:
“თხოვნაა ჩვენი და მოწოდება, რომ ეს ბრახუნი და აგრესია შეწყდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ პროპორციულ სამართლებრივ ძალას. პროცესები რომ მშვიდობიანად ვმართოთ მაგას ემსახურება ეს,” – მიმართა აქციის მონაწილეებს პოლიციის წარმომადგენელმა.
პოლიციის უფროსის თქმით, თუ ისინი ჯებირზე ბრახუნს არ შეწყვეტენ, პროპორციულ ძალას გამოიყენებენ.
„მე ჩემს განცხადებებზე და ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებელი ვარ და გეუბნებით, შეწყვიტეთ ეს აგრესია, წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ პროპორციულ ზომებს“, – უთხრა გუმათჰესთან შეკრებილებს სამხარეო პოლიციის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა.
შეგახსენებთ, პოლიციამ რიონის ხეობაში, გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა. ამ ადგილზე ნამახვანჰესის მოწინააღდმეგე აქტივისტები გადაადგილების უფლების მოთხოვნით რამდენიმე დღეა აქციებს მართავენ.
“ჩვენ, ამ ხეობის მცხოვრებლებს არ გვეძლევა სახლში შესვლის უფლება იმიტომ, რომ სახელმწიფო იცავს კერძო კომპანიის ინტერესს. ვფიქრობ, რომ მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ, ახლა ჩვენი ერთიანობაა საჭირო იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ ჩვენი სიმრავლით და მშვიდობით მთელ ამ ამბავს, რაც აქ ხდება”, – აცხადებს აქციის მონაწილე, ვარლამ გოლეთიანი.
აქციის მონაწილეები ჯერჯერობით რიონის ხეობაში რჩებიან და მოვლენების განვითარებას ელოდებიან.
დემონსტრანტებს რამდენიმე დღეა, სოფელ ნამოხვანში შესვლა არ შეუძლიათ.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება.