რეგიონი

გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ

საქართველოში პირველად, გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ.

გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერმა, საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ გააცნო.
გურჯაანის ახლადარჩეული მერის, ზურა უტიაშვილის განმარტებით, ბაღებში აცრილი ოჯახებიდან აღსაზრდელების მიღება, ინფიცირებისა და მძიმე შემთხვევების რისკს შეამცირებს.

” ჩვენ ვალდებულები ვართ, პროცესი ვმართოთ ისე, რომ ადამიანებს ნაკლები საფრთხეები შევუქმნათ. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვებისათვის განვაახლოთ სააღმზრდელო პროცესი. თუ ბავშვს ოჯახში ერთი აუცრელი წევრი მაინც ეყოლება, მას ამ ეტაპზე სააღმზრდელო პროცესში ვერ ჩავრთავთ. რასაკვირველია, შეიძლება აცრილებიც დაინფიცირდნენ, მაგრამ მძიმე შემთხვევების, გარდაცვალების რისკები ხომ მცირდება. ბავშვებს ოჯახებში ხანდაზმულები ხომ ჰყავთ, ყველაზე მეტად მათ ვუფრთხილდებით. გარდა ამისა, ჰოსპიტალური სექტორს ამ გზით დატვირთვას ხომ ავაცილებთ. გვქონდა კომუნიკაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილებაც”-განაცხადა უტიაშვილმა.

სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 32 საბავშვო ბაღში, 24 იანვარს განახლდება.
ბაღები გურჯაანში, კახეთში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 2021 წლის ნოემბერში დაიკეტა და მას შემდეგ, არ აღდგენილა.

სააღმზრდელო პროცესი 17 იანვარს განახლდა, თელავისა და ლაგოდეხის საბავშვო ბაღებში.

მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში:

მსგავსი პოსტები

Back to top button