კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

გურჯაანში მკვლელობისთვის ბრალდებული პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ერთი პირის მკვლელობისა და ერთის მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული მამაკაცი, პატიმრობიდან განთავისუფლდა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩულმლაყში , 2020 წლის 29 ივნისს მომხდარი მკვლელობისათვის ბრალდებული პირი, საბოლოო გადაწყვეტილებას სახლში დაელოდება.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამოძიებისათვის გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადა, 2021 წლის თებერვლის ბოლოს ამოიწურა. ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გადაწყვიტა. მსაჯულების შერჩევის პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში, ნოემბრის თვიდან მიმდინარეობს.

49 წლის მამაკაცის ადვოკატი, ზურაბ ბეგიაშვილი, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ მას საზოგადოებრივი მართლმსაჯულების იმედი აქვს, რადგამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, შემთხვევის დროს მხოლოდ თავს იცავდა.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დიალიზის საჭიროების მქონეა, მე ახლა დაცვის ტაქტიკას ვერ გაგიმხელთ, მაგრამ თავის დროზე, გავაკეთე კომენტარი, რომ მას ფიზიკური ძალები არ ეყოფოდა ასეთი დანაშაულისთვის, თუ იქ არ იყო სხვა გარემოებები. 9თვიანი ვადა გავიდა, ბუნებრივია უნდა გამოეშვათ. ახლა საზოგადოებრივი მართლმსაჯულების იმედი მაქვს”-განაცხადა ბეგიაშვილმა.

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, 39 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მძიმედ დაჭრეს კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
დაჭრილს მკურნალობა, გურჯაანში, კლინიკა “ჯეოჰოსპიტალსის” რეანიმაციულ განყოფილებაში ჩაუტარეს.
მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. უთანხმოება სუფრასთან ყოფნის შემდეგ დაიწყო, როცა მეგობრები, სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე, მაღაზიაში გავიდნენ.

მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შემდეგ კი პოლიციას ჩაბარდა.
გარდაცვლილი და დაჭრილი ახალგაზრდის ოჯახები, ბრალდებულის განთავისუფლების ფაქტზე, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

საბოლოო ვერდიქტს, მკვლელობის საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, 12 წევრის შერჩევის შემდეგ გამოიტანს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19, 109- ე და236- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განზრად მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button