რეგიონი

გურჯაანში მომხდარი მკვლელობისათვის დაკავებულის ადვოკატი ახალ დეტალებზე საუბრობს

გურჯაანში მომხდარი მკვლელობისათვის დაკავებული მამაკაცის ადვოკატი, მომხდარის ახალ დეტალებზე საუბრობს და შურისძიების მოტივს არ ეთანხმება.

სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი ამბობს, რომ გარდაცვლილი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიზანმიმართულ გაღიზიანებას ცდილობდა.

” გარდაცვლილი გოჩა ჩაღიაშვილი თანმხლებ პირთან ერთად, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მღებრიშვილის სახლთან საახალწლო პიროტექნიკას აფეთქებდა და ჩვენი ინფორმაციით, დღის განმავლობაში, მის მეზობლადაც სვამდა. ხმაურზე გამოსულ მღებრიშვილს, მან მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც შემდეგ, ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა”

ადვოკატი შურისძიებას გამორიცხავს, თუმცა ადასტურებს, რომ 2005 წელს, ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი დანით მოკლა.

” როგორც ვიცი, სრულიად უბრალო მიზეზით, დანით დისშვილი მოუკლა, მაგრამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არათუ შურისძიება არ უნდოდა, პირიქით, ამბობს, რომ მაქსიმალურად ცდილობდა ჩაღიაშვილისათვის თავი აერიდებინა და არსად შეხვედროდა. ბრალს აღიარებს და ძალიან ნანობს, რომ მაინც უმტყუნა ნებისყოფამ. გიორგი მღებრიშვილმა პოლიციაში თავად დარეკა და იარაღიც თავად გადასცა“- ამბობს ჩაველაშვილმა.

60 წლის გიორგი მღებრიშვილი თელავში დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და ბრალის წარდგენას ელოდება.
მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, წუხელ მოხდა.

მღებრიშვილმა ჩაღიაშვილს სანადირო თოფიდან სამჯერ ესროლა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button