მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 4 პირი პატიმრობაში რჩებიან

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 4 პირი – ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი, კახაბერ ქეშიკაშვილი და სტეფანე გიქოშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიზო უბილავამ მიიღო.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მხარეების მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად იქნა ცნობილი. ამასთან, დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ბრალდების მხარე ყველა მათგანის მიმართ კვლავ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატები ბრალდებულების ნაწილის გირაოს, ნაწილის შემთხვევაში კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

ბრალდებული 5 პირიდან ბრალს მხოლოდ ლაშა სამხარაძე აღიარებს, ის პატიმრობაში არ იმყოფება სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.

მოსამართლე გიზო უბილავას გადაწყვეტილებით, დაკავებულების საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

ხმაური სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი, ბესიკ თამლიანი, საკუთარი პროცესიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე გიზო უბილავამ თამლიანისთვის შეფარდებული პატიმრობის ღონისძიება არ შეცვალა.

ბესიკ თამლიანის თქმით, მას მხოლოდ იმის გამო იჭერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, თბილისის სასამართლოსთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველები ცდილობდნენ, მოეწყოთ პროვოკაცია და სააკაშვილის მხარდამჭერები ამ გზით დაეკავებინათ.

სასამართლო მიკერძოებულია და ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთებს – განაცხადა პროცესზე ბესიკ თამლიანმა.

თამლიანისა და სხვა სამოქალაქო აქტივისტების ადვოკატმა პროცესზე აღნიშნა, რომ დაკავებულებს აქვთ უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, ოჯახებს ისინი არჩენდნენ და ამ ფაქტის გათვალისწინებით, ისინი გირაოთი გაეთავისუფლებინა. მოსამართლე გიზო უბილავამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე 5 პირი – ბესიკ თამლიანი, ემზარ სიუკაევი, ლაშა სამხარაძე, კახაბერ ქეშიკაშვილი და სტეფანე გიქოშვილი დააკავეს პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

ბესიკ თამლიანს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, ბესიკ თამლიანი 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული და მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება.

თამლიანს აღნიშნულ საქმეზე 4000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button