მნიშვნელოვანისიახლეები

გვარამიას პროცესი 4 ოქტომბერს განახლდება

სააპელაციო სასამართლოში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მომდევნო პროცესი 4 ოქტომბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა. მოსამართლეთა კოლეგიამ განმარტა, რომ შვებულებების პერიოდია, რის გამოც გრაფიკი გადანაწილებული აქვთ.
მათი განცხადებით, შვებულებების და სხვა საქმეების გამო სხვა გამოსავალი არ არის. ამასთან, კოლეგია მყარი შემადგენლობის არ არის და მოსამართლეები ერთმანეთს ცვლიან.

– „უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ აგვისტოში შვებულებებია და ჩვენ საკმაოდ არამყარი შემადგენლობა გვყავს. გარკვეული პერიოდი ერთდროულად ვერც გავდივართ, იმიტომ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო აუცილებლად უნდა იყვნენ მოსამართლეები სასამართლოში, ამიტომ გადანაწილებული გვაქვს გრაფიკი. მოგვიწევს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ჩანიშვნა სხდომის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩანიშნულია სექტემბერი, ფაქტიურად, შევსებული გვაქვს ბოლომდე. თუმცა შემდგომში შეგვიძლია, რომ თუ მხარეების სურვილიც იქნება და თანხმობაც, განვსაზღვროთ რამდენიმე სხდომის თარიღი და ვიმუშაოთ უფრო ეფექტურად და უფრო მეტი დროით”, – თქვა მოსამართლემ, მერაბ ჯორბენაძემ.

– „სიმართლე გითხრათ, მოლოდინი გვქონდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში საქმის დასრულების, სექტემბრის ბოლოს და ოქტომბერში [სხდომის დანიშვნა] ნიშნავს, რომ ამ ვადას ვარღვევთ”, – მოსამართლეს გამოეხმაურა გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

– „სამწუხაროდ, მესმის, მაგრამ ნამდვილად არ არის სხვა გამოსავალი”, – შენიშნა მოსამართლემ.

– „ჩვენ შეგვიძლია ივლისში, აგვისტოში, ნებისმიერ თარიღში შეგვიძლია ვიმუშაოთ”, – კვლავ ჩაერთო ადვოკატი.

– „აქ ერთ მოსამართლეზე, რომ იყოს დამოკიდებული, შეიძლება, რაღაც ლავირება მოახდინოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდება, მით უმეტეს, სხვა საქმეებიც ჩანიშნული გვაქვს. ასევე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მყარი შემადგენლობა, რომ იყოს, ყველა საქმეზე ერთი და იგივე შემადგენლობით ვიყოთ, რომ ერთდროულად შევათანხმოთ შვებულებებიც, ყველა საკითხი და სხდომებიც, ნამდვილად არ გვაქვს. ზოგ სხდომაზე სხვა მოსამართლეები არიან ჩემთან კოლეგიურ შემადგენლობაში, ზოგზე სხვები. მეტწილად მე, ბატონი ლაშა, ბატონი დავით და ბატონი ვეფხია ვართ, მაგრამ შვებულებების გამო ნამდვილად ვერ მოვახერხებთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ შემდეგ სხდომაზე და რამდენიმე თარიღი კიდევ ერთხელ შევათანხმოთ. თუ მხარეები არ დაიღლებით და წამებაში არ ჩამითვლით, შეგვიძლია 3-4 საათი გამოვყოთ. ისეთ დღეს ჩავნიშნავთ, რომ ვთქვათ, სხვა სხდომებმა ძალიან არ შეგვიშალოს ხელი”, – თავი იმართლა მერაბ ჯორბენაძემ.

– „ჩვენთვის 3-4 საათიც ცოტაა. შეჩვეულები ვართ პირველ ინსტანციაში დილიდან პროცესებზე ყოფნას. ჩვენი პოზიცია არის, რაც შეიძლება, მალე დასრულდეს განხილვა. გვქონდა მოლოდინი, რომ სასამართლო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ 2-თვიან ვადაში გამოიტანდა განაჩენს”, – ისევ ჩაერთო ადვოკატი.

– „სამწუხაროდ, ვერ გავითვალისწინებდით, რომ შვებულების წინ შემოვიდოდა საქმეები. აქედან გამომდინარე, 4 ოქტომბერი, 14:00 საათი, რომ შემოგთავაზოთ…” – დაამატა მოსამართლემ.

ბრალდებულისთვის განკუთვნილი ადგილიდან საუბარში ჩაერთო ნიკა გვარამია და მოსამართლეს მიმართა:

– „აგვისტოში გავიგე, რომ შვებულებებია, ივლისში რა ხდება?”

– „სექტემბერი, ბატონო ნიკა, სრულად დაკავებული გვაქვს”, – გაიმეორა მოსამართლემ.

– „ისე მპასუხობთ, თქვენო ღირსებავ, რომ მე დავიკავე, ჩემი ნებით მოვედი და ძაან მინდა, რომ რამე დაინიშნოს ან არა”, – უპასუხა ჯორბენაძეს გვარამიამ.

რამდენიმე წუთის განმავლობაში, სხვა საკითხის დაზუსტების შემდეგ, მოსამართლე კვლავ შვებულების თემას დაუბრუნდა:

– „რაც შეეხება ივლისს, 25-დან ბატონი ლაშა [მოსამართლე] არის შვებულებაში და რაც ჩანიშნული გვაქვს ის სხდომებიც გადაგვედება ალბათ”, – თქვა მოსამართლემ.

– „ჩემთვის ესეც პასუხია. საპროცესო ვადის დარღვევა, ჩემთვის პასუხია. გასაგებია, ჩემთვის”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ და საბოლოოდ დააზუსტა:

– „სწორად გავიგე, რომ ორთვენახევრის მერე ნიშნავთ პროცესს? და კანონით გათვალისწინებულ ვადას ვარღვევთ. ვერ მოასწარით განხილვა კი არ არის, თქვენო ღირსებავ, ვადის გასვლის მერე ნიშნავთ პროცესს საერთოდ… აცნობიერებთ ახლა რას გვთავაზობთ?”

– „ფორმალურად ჩავნიშნავთ აგვისტოში, მაგრამ თუ მხოლოდ ერთი მოსამართლე იქნება, ნამდვილად ვერ მოხდება განხილვა”, – თქვა მოსამართლემ.
ცნობისთვის პროცესზე ნიკა გვარამიას ადვოკატებმა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვის შუამდგომლობა დააყენეს.

ადვოკატმა ქეთი ჩომახაშვილმა ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებებისა და მის მიერ “იმედისთვის” მიცემული ინტერვიუს საქმეზე მტკიცებულების სახით დართვა მოითხოვა.

ქეთი ჩომახაშვილმა საქმეზე კიდევ რამდენიმე წერილობითი დოკუმენტის დართვა მოითხოვა, ასევე, რამდენიმე პირის, მათ შორის, ნინო ლომჯარიას, მაია კოპალეიშვილის, ნიკა სიმონიშვილის, გვანცა წულუკიძის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა, რომელთაც ნიკა გვარამიას საქმეზე მოსაზრება/დასკვნა/შეფასება აქვთ დაწერილი.

აღნიშნულ შუამდგომლობებს ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განმარტა, აღნიშნული დოკუმენტები სასამართლო განაჩენის სამართლებრივი ანალიზია, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით არ წარმოადგენს მტკიცებულებას.

დაცვის მხარის შუამდგომლობები თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

კოლეგიის თავმჯდომარის, მერაბ ჯორბენაძის განმარტებით, დაცვის შუამდგომლობიდან მხოლოდ ერთი – გვანცა წულუკიძის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დაშვებისა და მისი დაკითხვის ნაწილში დაკმაყოფილდა.

„მივედით დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ნაწილობრივ. დოკუმენტი მტკიცებულებაა, თუ ის შეიცავს სისხლის სამართლის საქმეს ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დასადგენად საჭირო ცნობას. განაჩენი შეფასებულია საია-ს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”, მაია კოპალეიშვილისა და სახალხო დამცველის დასკვნებში, მოცემულ შემთხვევაში სამართლებრივი შეფასებები შესაძლებელია მხარეთა მიერ იყოს წარმოდგენილი სასამართლოში, რომ მიაწოდონ სასამართლოს მათი შეხედულებები. რაც შეეხება აღნიშნული დოკუმენტის მტკიცებულებით ძალას და მისი გამცემი პირების დაკითხვას, აღნიშნული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ მტკიცებულების განმარტებაში არ ჯდება, შესაბამისად არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ მის დასაშვებობაზე იმსჯელოს სასამართლომ. მხარეებს რა თქმა უნდა, უფლება აქვთ ნებისმიერი შეფასება, მათ შორის განაჩენის კანონიერებასთან წარმოადგინონ, ასევე წარმოადგინონ სხვა პირების დასკვნები ან შეფასებები, რომელიც სასამართლოს შეფასების საგანი გახდება.

დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა მხოლოდ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” დირექტორის გვანცა წულუკიძის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დაშვების და აღნიშნული პირის დასაკითხ პირთა სიაში დამტკიცების ნაწილში. სხვა ნაწილში, მხარეებს შეუძლიათ წარმოადგინონ მოსაზრებები, რომელიც გახდება პალატის მსჯელობის საგანი”,- განაცხადა ჯორბენაძემ.

ცნობისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას პროცესს ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ასევე პოლონეთის საელჩოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე თავად ნიკა გვარამიამ აღნიშნა და მადლობა გადაუხადა.

“მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც მხარი დამიჭირა: ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებს, ოჯახს და ასევე ევროპარლამენტარებს და ელჩებს საქართველოში, რომლებიც აქაც არიან, ვხედავ ჩეხეთის ელჩს, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებს და ევროკომისიის წარმომადგენელსაც. ძალიან დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის, ინტერესისთვის და ძალიან მკაფიო მხარდაჭერისთვის და მადლობა ქართველ ხალხს, რაც მთავარია იმისთვის, რაც მე ვნახე – ათასობით ადამიანი ევროპული იდეის მხარდასაჭერად”, – განაცხადა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 16 მაისს სცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დამნაშავედ ცნო გვარამია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადააკვალიფიცირა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში. სამოქალაქო სექტორმა ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა.

ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button