მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გვარების დასახელების გარეშე როდესაც წესდება სავიზო შეზღუდვები ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის-ოცნება

სავიზო შეზღუდვები როდესაც გვარების დასახელების გარეშე წესდება, მას შეიძლება, ერთადერთი ეფექტი ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, რათა მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს.
„აშშ-მა დააწესა ე.წ. სავიზო შეზღუდვები. თვითონ არ უწოდებენ ამას სანქციებს. რეალურად, ეს სავიზო შეზღუდვები დაწესდა გვარების გასაჯაროების გარეშე. უფრო მეტიც, ჩვენ გადავამოწმეთ და დღემდე არცერთ დეპუტატს არ მისვლია შეტყობინება სავიზო შეზღუდვის დაწესების თაობაზე.
აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ის აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ოპოზიციაში, არის აბსოლუტურად გადაჭარბებული. თვითონ ის გადაწყვეტილებაც, რაც გახმოვანდა, არის შეურაცხმყოფელი ქართული საზოგადოებისთვის. ასე არ შეიძლება, ელაპარაკებოდე პარტნიორ ქვეყანას, მაგრამ რაც შეეხება თვითონ ამ გადაწყვეტილების პრაქტიკულ დატვირთვას, პრაქტიკული დატვირთვა არის, რეალურად, ნულოვანი.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გვარების დასახელების გარეშე როდესაც წესდება სავიზო შეზღუდვები, მას შეიძლება, ერთადერთი ეფექტი ჰქონდეს, ეს არის შეურაცხყოფის მიყენება სხვა სახელმწიფოსთვის. ეს არ შეესაბამება პარტნიორულ სულისკვეთებას, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჩვენი მხრიდან, რათა მომავალში პარტნიორული ურთიერთობები გამყარდეს. ეს არის ჩვენი სურვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამერიკის ვიზა მაქვს, მაგრამ სავიზო რეჟიმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მომსვლია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ამერიკულ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადა.
მინისტრის შეფასებით, სანამ სანქციების მასშტაბები არ გახდება ცნობილი, მის გავლენებზე საუბარი ნაადრევია.
“როდესაც სანქციებზე და მის გავლენებზე ვსაუბრობთ, ჯერ უნდა ვნახოთ რას ეხება, მერე შევაფასოთ ამ სანქციების ეფექტი. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ვისაუბროთ იმაზე თუ რა გავლენა ექნება მას. ან ექნება თუ არა. სავარაუდოდ ვსაუბრობთ ამ ეტაპზე ყველაფერზე. ამიტომ, უნდა ვნახოთ რა იქნება და რა მასშტაბით. ამ დროისთვის, ასეთი ტიპის შეზღუდვა [აშშ-ს ვიზის შეზღუდვასთან დაკავშირებით] ჩემთვის ცნობილი არ არის. გაცხადებული რომაა და მუშაობა რომ მიმდინარეობს, გასაგებია, თუმცა ეს არ არის საკმარისი რაიმე ტიპის ანალიზისთვის. ამერიკის ვიზა მაქვს, მაგრამ სავიზო რეჟიმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მომსვლია,“ – განაცხადა მინისტრმა.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ კომპლექსური დიალოგი პარტნიორებთან, რომელიც ითვალისწინებს ძალიან ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას და ეს გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ჩვენ შევძლებთ, ვიპოვოთ საერთო ენა, მათ შორის, განსხვავებულ საკითხებზე. ჩვენთვის სანქციები არის მიუღებელი, ეს დამაზიანებელია, არ არის პარტნიორული და, რა თქმა უნდა, გვაქვს იმის შანსი, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობრებთან დიალოგის რეჟიმში ყველა საკითხი გადავწყვიტოთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოს მიმართ სანქციების შესაძლო დაწესებას ეხებოდა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ ოპოზიციონერს აქვს სურვილი, გულშემატკივრობდეს საქართველოს კონკრეტული მოქალაქეების სანქცირებას და ამას, სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალებაც გულშემატკივრობს.
„არცერთი საკითხი არ არის ერთგვაროვანი, სანქცირების საკითხიც არის კომპლექსური და ევროკავშირიც არ არის ერთი სახელმწიფო – აქაც არის ბევრი ქვეყანა, ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, ბევრი მიმართულება და პრიორიტეტი, ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროცესები არ არის მარტივი, მათ შორის, გლობალურადაც – ეს აჩვენა ევროპარლამენტის არჩევნებმაც, ამიტომ დიალოგი არის ხანგრძლივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ვიპოვით გამოსავალს, რადგან საქართველო ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორია, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი მოკავშირე და სამაგალითო პარტნიორი, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების აღსრულების კუთხით“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, არის საკითხები, სადაც საქართველოსა და ევროკავშირს აქვს ძალიან მკაფიო, კარგი თანამშრომლობა და პროგრესი, აზრთა სხვადასხვაობაც გარკვეულ საკითხებზე, მაგრამ, საბოლოოდ, საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს.
„ჩვენ ვიპოვით გამოსავალს – ეს ნიშნავს იმას, რომ შევჯერდებით თანამშრომლობის ისეთ ფორმატებზე, რომლებიც სასარგებლო იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება სანქციები“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს აღიარება და პატივისცემა იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. ამ არჩევანს და გადაწყვეტილებებს ყველამ პატივი უნდა სცეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, „ჩვენი საზოგადოება ერთიანია და ეს ერთიანობა მნიშვნელოვანი გზავნილია ყველასთვის, რაც ანგარიშგასაწევია“.
„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც არ უნდა ეცადოს, ფაქტია, რომ ეს არის მცირე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც, როგორც ჩანს, ცდილობს, საზოგადოება მოატყუოს და აქტორები შეცდომაში შეიყვანოს. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს აღიარება და პატივისცემა იმ გადაწყვეტილებების, რომლებიც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღება. ამ არჩევანს და გადაწყვეტილებებს ყველამ პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან რაიმე ტიპის პერსონალური სანქციები მოსალოდნელი არ არის.
ნიკოლოზ სამხარაძემ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, სანქციების დაწესებას სერიოზული იურიდიული დასაბუთება სჭირდება.
„რაც შეეხება სხვა გზავნილებს, უნდა დაველოდოთ მინისტრების შეხვედრას და იქ გავიგებთ, რაზე იქნება შეთანხმება, თუმცა პერსონალური სანქციები გამორიცხულია. პერსონალური სანქციები ამ შემთხვევაში საერთოდ უადგილოა. ძალიან სერიოზული იურიდიული დასაბუთება სჭირდება, როდესაც რომელიმე ადამიანს სანქციას უწესებ. ამ შემთხვევაში ეს დასაბუთება, უბრალოდ, წარმოდგენილი ვერ იქნება“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საქართველო და მისი ხელისუფლება სანქციებს არ იმსახურებენ. არ შეიძლება, გამჭვირვალობა გახდეს ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ აღნიშნული კომენტარი ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა.
„საკმაოდ მწვავე განცხადებები იყო, განსაკუთრებით, ევროპარლამენტარების მხრიდან. საქართველო და მისი ხელისუფლება სანქციებს არ იმსახურებენ. დარწმუნებული ვართ, აქაც ორმაგ სტანდარტს არ ექნება ადგილი და სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რადგან არ შეიძლება, გამჭვირვალობა ნეგატიური დამოკიდებულების საფუძველი გახდეს, რადგან გამჭვირვალობის მექა თავად ევროპაა. კანონი სწორედ არასამთავრობოების გამჭვირვალობას ითვალისწინებს და მეტს არაფერს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რა ვითარებაშიც ჩვენ ვართ და რასაც ხელისუფლება დასავლეთის მიმართ აკეთებს, ევროპისგან ყველაფერს ველოდები, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, მას ჰგონია, რომ ხელისუფლებას საკუთარი რიტორიკა იზოლაციაში აგდებს და იზოლაციის ბოლო გაჩერება კი სანქციებია.
„პასუხი 24-ში იქნება თუ 34-ში, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რაღაცნაირად მგონია, რომ ხელისუფლებას საკუთარი რიტორიკა იზოლაციაში აგდებს და იზოლაციის ბოლო გაჩერება სანქციებია, რაზეც ამერიკელებმა უკვე ღიად განაცხადეს და ევროპელებიც ამაზე ასე თუ ისე ლაპარაკობენ. ინფორმაცია არ მაქვს, ევროპელები ამას ახლა აპირებენ თუ მომავალში, მაგრამ ისინიც შეიცვლიან ქცევას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ევროკავშირის მხრიდან ამა თუ იმ ფორმით სანქციები გარდაუვალია, მაგრამ ევროპისთვის და ამერიკისთვის წყალგამყოფი არჩევნებია. არჩევნები თუ გაყალბდა, ხელისუფლება ტოტალურ სანქციებში აღმოჩნდება, საუბედუროდ, ქვეყანაც, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
რომან გოცირიძემ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
„ბიძინა ივანიშვილს სანქციები სანატრელი გაუხდება. ამიტომ მთავარი სიგნალია – არჩევნებამდე ოთხი თვე დარჩა და ძალადობას შეეშვით, არჩევნები მეტ-ნაკლებად მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩაატარეთო. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, მერე რა, თუ ამერიკაში არ შეგვიშვებენო, ეს არის დამღა. ეს ნიშანი ექნება 84 დეპუტატს, როგორც მოღალატეებს“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button