მნიშვნელოვანისიახლეები

ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ბრძანების გამოცემა საქართველოს მორიგი გამარჯვებაა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მორიგ გამარჯვებად აფასებს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას. სასამართლომ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ.

მათივე შეფასებით ჰააგის სასამართლოს პროკურორის მიერ აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ბრძანების გამოცემა საქართველოს მორიგი გამარჯვებაა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი მძიმე დარღვევები შეერაცხება რუსეთის ფედერაციისა და სეპარატისტული რეჟიმების კონკრეტულ წარმომადგენლებს.

ამასთან, განმარტავენ, რომ აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.

“პროკურორის ოფისის მიმართვა დაპატიმრების ორდერების გამოცემის თაობაზე კონკრეტულად უკავშირდება რუსეთის მიერ ოკუპაციის პირობებში, ქართველი სამოქალაქო მოსახლეობის უკანონო დაკავების, არაადამიანური მოპყრობის, მძევლად აყვანისა და შემდგომი უკანონო გადაადგილების ფაქტებს. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მსგავსად, ჰააგის სასამართლოს პროკურორიც პირდაპირ აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, – აცხადებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.
დაპატიმრების ორდერები გამოიცა:

მიხაილ მინძაევი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი);
ჰამლეტ გუჩმაზოვი (მითითებულ პერიოდში ცხინვალის რეგიონის ე.წ. შს სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი);
დავით სანაკოევი (მითითებულ პერიოდში ე.წ. ომბუდსმენი).
გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ჰააგის სასამართლოსთან, რათა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ ყველა სხვა დანაშაულზე აღსრულდეს საერთაშორისო მართლმსაჯულება:

“რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის) ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით. ამ მიზნით საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარსდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე…

აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით”.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა სამი ბრალდებულის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა.

„საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ახლახან გამოსცა დაპატიმრების ორდერი „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების სამ წარმომადგენელზე 2008 წლის ომში ჩადენილი დანაშაულისთვის. საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა შემდეგ პირებზე: მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძემ კომენტარი გააკეთა ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის მიერ 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულის გამო მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაპატიმრების ორდერის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერები გაიცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების იმ ჩინოსანთა მიმართ, რომელთაც პროკურორის მტკიცებით, 2008 წლის ომის დროს მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს და ადამიანების კონვენციური უფლებები დაარღვიეს. ეს ეხება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ტყვედ აყვანას, მათი უფლებების ხელყოფას. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან.

ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმის მოგების შემდეგ, ჰააგა არის უკვე მეორე საერთაშორისო ინსტანცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარმატებით წარდგენა და თავისი სიმართლის დამტკიცებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ, მინდა, მთავრობას და იმ იურისტებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომლებიც საქართველოს დასაცავად იყვნენ ჩართულნი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება ის, რომ 2008 წლის ომის შეფასებასთან დაკავშირებით რუსულ ნარატივს ყველანაირი საფუძველი გამოეცალა და სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ამ ნარატივს წლების განმავლობაში ამუშავებდა და ქართულ საზოგადოებს ახვევდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება ის, რომ საქართველოს მძინარე ცხინვალი არ დაუბომბავს და დადგინდა, რომ ქართული მხარე თავდაცვისათვის სრული სიზუსტით მოქმედებდა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დაგვიანებულია ჰააგის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერი გამოიცა.

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, დაგვიანებული სამართალი ხარვეზიანი სამართალია.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ სამწუხაროა, რომ 14 წლით გვიან ხდება იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო მიღებული. ვფიქრობ, რომ დაგვიანებული სამართალი არის ხარვეზიანი სამართალი და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კუთხითაც ჰააგის სასამართლოს გარკვეული პრობლემები აქვს. დავინახეთ, რომ მხოლოდ სამი ადამიანის წინააღმდეგ იქნა გადაწყვეტილება მიღებული იმისათვის, რომ გამოყენებული ყოფილიყო სანქციები, მაგრამ მე ვერ დავინახე მაღალჩინოსნები, როგორც „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების, ასევე რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, რომლებსაც ასევე მიუძღოდათ წვლილი ომის იმ დანაშაულებში, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს. ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ გამოძიების გაგრძელება და მათ შორის, განსაკუთრებით იმ რუსი მაღალჩინოსნების, სამხედროების მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ კონფლიქტში და არა მხოლოდ ამ სამ ადამიანზე, რომელთა მიმართებითაც შესაძლოა გარკვეული კითხვის ნიშნები მეც მქონდეს“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.

კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან : გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პრეზიდენტის“ დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

გარდა ამისა რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალისთვის დაფინანსების შემცირებას გეგმავს. რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ამ თემაზე რუსულ სამთავრობო მედიასთან “ტასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

დიმიტრი ვოლვაჩი ამბობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებულები უნდა გახდნენ. მისი თქმით, თანადაფინანსების წილის შემცირება ყველა სექტორზე გავრცელდება.

შეგახსენებთ რომ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 14 წელი გადის. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავს საქართველოში 7-8 აგვისტოს აღნიშნავენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button