ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ პრეზიდენტ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეს-რელიზში წერია. კერძოდ, სასამართლოს პრესსამსახურის თანახმად, წინასასამართლო საქმეწარმოების II პალატამ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
“დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეორე წინასასამართლო პალატამ უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის დაკავების ორდერი გასცა: ბ-ნი ვლადიმერ ვლადიმროვიჩ პუტინი და ქ-ნი მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვა”, – აღნიშნულია ICC-ის განცხადებაში.
ბატონი ვლადიმირ ვლადიმირს ძე პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულის ჩადენისთვის
საერთაშორისო სასამართლო განმარტავს, რომ რომის სტატუსის რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილნი რაც, როგორც მინიმუმ, 2022 წლის 24 თებერვლიდან ხდებოდა.
მოსამართლეებმა თავდაპირველად განიხილეს ორდერის საიდუმლო ვითარებაში გაცემა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ მათი გასაჯაროება წვლილს შეიტანს დანაშაულთა შემდგომი ჩადენის პრევენციაში.
“წინასასამართლო საქმეწარმოების II პალატამ, პროკურატურის 2023 წლის 22 თებერვლით დათარიღებული შუამდგომლობის საფუძველზე დაადგინა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ თითოეული ეჭვმიტანილი პასუხისმგებელია უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის უკანონო დეპორტაციისა და მოსახლეობის უკანონო გადაყვანის ომის დანაშაულზე, რამაც ზიანი მიაყენა უკრაინელ ბავშვებს”, – წერია განცხადებაში.
საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები დასძენენ, რომ მათ აქვთ საკმარისი საფუძველი იფიქრონ, რომ პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი ამ დანაშაულებზე როგორც უშუალო მონაწილე.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინა რუსეთს ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ადანაშუალებს, თუმცა მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს. კიევის მონაცემებით, საუბარია 16 ათას ბავშვზე.
მიუხედავად პუტინისა და ლვოვა-ბელოვას მიმართ გამოწერილი ორდერისა, ICC-ის სასამართლოს არ აქვს დაკავების უფლებამოსილება და იურისდიქციის განხორციელება მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლია, რომლებიც რომის სტატუტის ხელმომწერები არიან. რუსეთი ხელმომწერი სახელმწიფო არაა.
ICC-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ რუსეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთისთვის “მნიშვნელობა არ აქვს.”
გამოცემა The New York Times-ის 13 მარტს წერდა, რომ ჰააგის სასამართლო ორი საქმის აღძვრას გეგმავდა, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულებებს ეხებოდა.
ეს საქმეები წარმოადგენენ პირველ საერთაშორისო ბრალდებებს, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და რაც სპეციალურმა სამსახურებმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად გამოავლინეს. სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთი იტაცებდა უკრაინელ ბავშვებს და მოზარდებს და აგზავნიდა მათ სპეციალურ რუსულ ბანაკებში, ხოლო კრემლი განგებ ურტყამდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
გამოცემა წერდა, რომ სასამართლოს განხილვის ალბათობა არ არის მაღალი, რადგან ესპერტების თქმით, სასამართლოს არ შეუძლია საქმეები დაუსწრებლად განიხილოს, ხოლო რუსეთი საკუთარ მაღალჩინოსნებს არ გადასცემს.
ინფორმირებული ოფიციალური პირების თქმით, ომის დანაშაულების პირველი ფაქტები უკრაინიდან ბავშვების გატაცებას ეხება. როგორც გამომძიებლებმა და The New York Times-მა გაარკვიეს, კრემლს აქვს შექმნილი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ბავშვები გადაჰყავდათ სპეციალურ სახლებში, ანიჭებდნენ რუსეთის მოქალაქეობას და შემდგომ აგზავნიდნენ ე.წ. საზაფხულო ბანაკებში, რათა მათი მსოფლმხედველობა შეეცვალათ. ოფიციალური მოსკოვი ამ პროგრამას ჰუმანიტარულ მისიად ასაღებდა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ ცნობს.