ახალი ამბებიკრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონი

პანკისში დაპირისპირებული გვარების საქმეზე ხვალ სასამართლო განაჩენს ელიან

პანკისის ხეობაში, გვარების შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილე პირების საქმეზე, თელავის რაიონულმა სასამართლომ, შესაძლოა ხვალ განაჩენი გამოაცხადოს.

სასამართლო პროცესი მხარეებს შორის კამათისა და ბრალდებულების საბოლოო სიტყვის ეტაპზეა გადასული.

სისხლის სამართლის საქმის განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში 2019 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს.

გამოძიება პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოსთან, 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების ორ მონაწილეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 236-ე, 237-ე და მე-19, 108-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

საქმის მასალების მიხედვით, სოფელ დუისში მცხოვრებმა არბი ქავთარაშვილმა ცეცხლსასროლი იარღიდან გასროლით ხუთი შვილის მამა, 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლა, ხოლო ასევე დუისში მცხოვრებმა, რამზან ხანგოშვილმა კონფლიქტის დროს რამდენიმე პირი დაჭრა.

ბრალდებულს შორის ერთ-ერთი, არბი ქავთარაშვილი, ადგილობრივების მიერ შეიარაღებული დაპირისპირების ორგანიზატორად მიჩნეული მურად ქავთარაშვილის ძმისშვილია, ხოლო რამზან ხანგოშვილი, ოჯახის ნათესავი.

ადგილობრივები მურად ქავთარაშვილს უკავშირებენ პანკისში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებზე თავდასხმასაც.

ვისო მუთოშვილის მკვლელობას პანკისის ხეობაში გვარებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ხეობის უხუცესები და მუსულმანურ სამყაროში ავტორიტეტად მიჩნეული პირები ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების ქისტური ადათის მიხედვით შერიგებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობენ.

სწორედ ამ დაპირისპირებას უკავშირებენ 29 ივლისის ღამეს, სოფელ დუისში, უცნობი პირების მიერ მურად ქავთარაშვილის სახლის დაცხრილვას.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გამოძიების ცხრათვიანი ვადა 2020 წლის 1 სექტემბერს იწურება.

შეგახსენებთ, რომ მოკლული ვისო მუთოშვილისა და მკვლელობაში ბრალდებული ქავთარაშვილის ოჯახების შერიგება რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, დღემდე არ შედგა. ოჯახმა შუამავლების შეთავაზებაზე უარი განაცხადა და შარიათის კანონის დამორჩილებისა და სისხლის აღების წესი ძალაში დატოვა. 24 მაისს, მოლაპარაკებაზე თბილისიდან ჩასული სპორტსმენებიც იმყოფებოდნენ. მაშინ პანკისელები ამბობდნენ, რომ გვარების შერიგებაში შუამავალი პირების მიზანი სისხლისღვრის თავიდან აცილება და დამნაშავეების დასჯა იყო.

„ახლა მთავარია, ესენი შერიგდნენ, რომ სისხლისღვრა აღარ განმეორდეს. დამნაშავეებსაც კანონი დასჯის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვცდით, რომ ეს საქმე შერიგებით დასრულდეს“, – განაცხადა ერთ-ერთმა უხუცესმა, ზელიმხან წუწაშვილმა.

შერიგების ბოლო უშედეგო მცდელობა რამდენიმე თვის წინაც იყო, როცა ხეობაში, სპეციალური მოწვევით, ჩეჩნეთიდან ჩამოსული გავლენიანი პირები იმყოფებოდნენ.

დაპირისპირების შემდეგ, მუთოშვილებმა, ტრადიციული წესის თანახმად, სისხლის აღების გადაწყვიტილება მიიღეს. თუმცა, მრავალმხრივი ჩარევის შემდეგ, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს და განაცხადეს, რომ წესი უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულებზე გავრცელდება.

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button