“მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა.”

პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე კითხვას პასუხი “გაეცემა, როცა გაეცემა”. ასე დაასრულა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი, სადაც მან ექსპრეზიდენტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ჩამოსვლა ქვეყანაში ორივე მხარეს აწყობდა.
“რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთი, როცა იმას აქეზებდნენ, ჩამობრძანდით და იქნება რევოლუცია, ხალხი ჩამოვა თქვენთვის. ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართული ხასიათით, აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი, ხომ არ ხარ ლაჩარი, ჩამოდი. ორივეს აწყობდა მიშას ჩამოსვლა და ვხედავთ რატომ, იმიტომ, რომ ერთი წელია ჩვენ ვართ სრულიად გაჩერებული ამ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში, სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია”, – განაცხადა მან.
მანამდე პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლესთან იმ აქციის მონაწილეებს მიმართა, ვინც მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპროტესტებდნენ. ზურაბიშვილი სიტყვით სასახლის ეზოში გამოვიდა, თუმცა თავისი სათქმელი არ დაასრულა და მოგვიანებით ბრიფინგი ჩანიშნა.
“აქ რომ მოვარდით ვიღაცის გავრცელებულ ჭორებზე…”, – პრეზიდენტის ამ სიტყვებს ხმაური მოყვა.
“მაინტერესებს ის ადამიანები, ვინც ავრცელებენ ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს, სად იყვნენ 2007-ში, სად იყვნენ, როდესაც მომხდარი იყო მიშას დროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ როცა ვიდექი ქუჩაში. მე გეტყვით სად იყვნენ ისინი, ვინც მესიჯბოქსებს ავრცელებენ დღეს, ან იყვნენ მიშას შტაბში, ან იყვნენ კარგად მოკალათებულნი სხვადასხვა თანამდებობებზე, ან იყვნენ ქართუ ბანკში, ისინი ვინც დღეს მესიჯბოქსით ავრცელებენ, თურმე იციან მე რას გავაკეთებ, როდის გავაკეთებ თურმე იციან რატომ გავაკეთებ.
ვინ შეიწყალა, მე შევიწყალე, მურუსიძე, ჩინჩალაძე, მე შევიწყალე თუ მე დავაყენე… თუ მე განვაწესე ისეთ ადგილებზე, საიდანაც ვერავინ მოხსნის. ეს არ არის შეწყალება? სად ხართ, როდის გააპროტესტეთ, სად იყავით და სად ხართ? “, – თქვა ზურაბიშვილმა და სასახლის ეზო დატოვა.
ლალი მოროშკინა, ია მეტრეველი და სხვები, მათ შორის, საჯარო სამსახურის თანამშრომლები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მართავენ აქციას – “არ შეიწყალო მიშა”.
მათი თქმით, არ დაუშვებენ, სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ. ჟურნალისტებთან საუბრისას მათი ნაწილი ვერ ასახელებს, რა მიზნით არის მისული აქციაზე.
აქამდე პრეზიდენტი ხაზგასმით ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა. მან თავდაპირველად პოზიცია პირველ ოქტომბერს დააფიქსირა და განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის შეწყალებაზე პასუხი არის “არა და არასდროს”. 3 ნოემბერს ზურაბიშვილმა თავისი განცხადება გაიმეორა და თქვა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხზე უცვლელი იყო.
პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, 21 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილმა bbc-სთან ინტერვიუში თქვა, რომ არ სურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს.
მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უპასუხა და თქვა, რომ “სააკაშვილი დაცემული არ არის”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, კლინიკა “ვივამედიდან” გამოსვლის შემდეგ.
“სააკაშვილი დაცემული არ არის, მაგაში არ ვეთანხმები, ტყუილად ჰგონიათ მაგათ, თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის დაეცა უკვე. ასე არ არის… სიბნელის მხარეს არის რუსეთი და მისი მომხრეები, მეორე მხარეს არის დასავლეთი. აი, არჩევანი ამის მიხედვით კეთდება”, – ამბობს გიული ალასანია.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „საქართველოში ჩამოყვანა“ „ვითომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ერთობლივი თამაშია“. სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადება დღეს, 28 დეკემბერს, ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„აქ ძალიან ნათელია, რომ არის ერთობლივი თამაში რაღაც ძალებს შორის, რომლებიც ვითომ ძალიან დაპირისპირებულები არიან… რა არის ამ ორ ძალას შორის შეთანხმებული? პირველ რიგში მიშას ჩამოყვანა. რას ერჩოდნენ ან ერთნი, როცა იმას აქეზებდნენ – ჩამობრძანდით, ჩამობრძანდით, რომ იქნება რევოლუცია, ხალხი გამოვა თქვენთვის და უთუოდ უნდა ჩამოხვიდეთ – ან მეორენი, როცა აქეზებდნენ მეორე კუთხით, ქართულ ხასიათზე თამაშით – აბა, ვაჟკაცი თუ ხარ ჩამოდი. ხო არ ხარ ლაჩარი, ჩამოდი“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი განმარტებით, ამ ორივე მხარეს აწყობდა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა.
„ერთი წლის თავზე ვართ სრულად გაჩერებული ამ მიშას ირგვლივ კამათში, დავაში, ბრძოლაში. სხვა თემა არ არსებობს, სხვა თემის აწევა შეუძლებელია, ქვეყანა იძირება ამ საკითხის ირგვლივ და ეს ორივეს აწყობს – ერთ მხარეს, ალბათ, იმიტომ, რომ ვერ ხედავენ თავიანთ სხვა გეგმებს და მეორეს ამით არცერთ კითხვაზე პასუხი აღარ აქვს გასაცემი, რომელსაც საზოგადოება უნდა უსვამდეს თავის ხელისუფლებას. და მე ამაში, არ ვიცი, რა შუაში ვარ, მაგრამ მიუღებელია. ან მე არ მიცნობენ, ალბათ, ამდენი წელი ვეღარ გამიცნეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მიუღებელია პრეზიდენტის ინსტიტუტზე ზეწოლა, ბულინგი.
შეგახსენებთ რომ თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას. ადვოკატებმა სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს, შემდეგი სხდომა ხვალ, 29 დეკემბერსაა დანიშნული.
პარალელურად სალომე ზურაბიშვილს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია “იმედში” სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი – სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ამჟამად მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” იმყოფება. ის კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2022 წლის მაისში გადაიყვანეს.