მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საავადმყოფო დაბომბეს

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საავადმყოფო დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, დეპუტატ სერგეი ტარუტაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პარტია „ბატკივშინას“ წევრი აცხადებს, რომ ნანგრევებში 300-მდე ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან ბავშვები.
“სუპერ მძლავრი ბომბები ჩამოყარეს ქარხანაზე და ძალიან ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა”, – განაცხადა პალამარმა

„საავადმყოფოს ერთ ნაწილში დაჭრილი დამცველები იმყოფებოდნენ, მარიუპოლის მცხოვრებლები ბავშვებთან ერთად იმალებოდნენ, რადგან დანგრეულ ქალაქში დასამალი არსად არის“, – წერს სერგეი ტარუტა.

18 აპრილს აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ მიმართა მსოფლიო ლიდერებს სასწრაფოდ მოაწყონ “მწვანე დერეფანი” მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის, დაჭრილებისა და დაღუპულთა ცხედრების ევაკუაციისთვის.

ამასთან უახლესი ინფორმაციით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და რუსი დამპყრობლები დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკადან განდევნეს. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

„დონეცკის მიმართულებით, ქალაქ მარინკას მახლობლად, ჩვენი ჯარების კონტრშეტევის შედეგად მტერმა ზარალი განიცადა და უკან დაიხია. თავდაცვის ძალების ნაწილებმა აღადგინეს კონტროლი ამ დასახლებაზე. სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი ნაწილობრივ ბლოკავს ქალაქ ხარკოვს. მტრის ქვედანაყოფები ცდილობდნენ წინსვლას და თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას ქალაქ იზიუმის სამხრეთით. მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას, განიცადეს ზარალი და იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ ადრე დაკავებულ პოზიციებზე“, – აღნიშნულია გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გენშტაბი ასევე იუწყება, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან რუსი სამხედროები აგრძელებენ დაზიანებული ჯავშანტექნიკის გატანას სარკინიგზო ტრანსპორტით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამავდროულად, დამპყრობლები აგრძელებენ ბელარუსის აეროდრომების გამოყენებას უკრაინის ქალაქებზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმებისთვის.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად რუსები პერსონალის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button