მნიშვნელოვანისიახლეები

რატი ბრეგაძე – მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ ვრცელდება დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე “დეზინფორმაციას” უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ და ამტკიცებს, რომ ეს “საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”-.
მისი თქმით, პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა.

მედიასთან დღეს ადვოკატებმა თქვეს, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით 20 პატიმარი უკვე მე-4 დღეა შიმშილობს. ისინი ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოებას ითხოვენ.

იუსტიციის მინისტრი ხაზს უსვამს რაოდენობას, თუმცა პატიმრების შიმშილობასთან დაკავშირებით სხვა დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს და ყურადღებას ოპოზიციასა და კრიტიკულ მედიაზე ამახვილებს.

“გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას!

პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა. ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ და მანიპულირებენ.

ოპონენტის პროვოკაციული, ბინძური და ხშირად არაადამიანური მეთოდებიც ჩვენთვის არახალია.

მათ ავიწყდებათ, რომ ამგვარი ქმედებებით კიდევ ერთხელ ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას პატიმრების და ზოგადად ადამიანის უფლებების მიმართ.

დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ამოსავალი ადამიანი და მისი უფლებებია. შესაბამისად არ დავუშვებთ ჩვენი საზოგადოების მოტყუებას და მისი უფლებების ფეხქვეშ გათელვას!”, – წერს მინისტრი Facebook-ზე.

ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოების მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს

შეგახსენებთ ადვოკატების ინფორმაციით, სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. შიმშილობის მიზეზი ოცნების ამნისტიასა. ბრალდებულები და მსჯავრდებულები შერჩევით სამართალს აპროტესტებენ და ამნისტიის გავრცელებას უფრო მეტ მუხლზე გავრცელებას ითხოვენ.

უკვე მეოთხე დღეა 20 პატიმარი შიმშილობს ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში . პროტესტს სხვა ციხეებში შეუერთდნენ ქალი მსჯავრდებულებიც.

საინფორმაციო სამსახურს დაუკავშირდა რუსთავის ნომერ მეხუთე დაწესებულებაში მყოფი პატიმარი ქალი, რომელიც ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში 50 პატიმარი შიმშილობს.
შეგახსენებთ ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილი თქმით, კანონპროექტი “ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება”.

მსგავსი პოსტები

Back to top button