მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საგარეჯოში, მკვლელობისათვის დაკავებული ქალი, ოთხი შვილის დედაა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დაკავებული ქალი, მრავალშვილიანი დედაა. მას ოთხი შვილი ჰყავს.

8 ოქტომბერს, მკვლელობის ადგილზე, სამართლადამცავებმა საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩაატარეს.

ქალის ერთ-ერთი ადვოკატის, გელა ტყეშელაშვილის ინფორმაციით, დაკავებულმა ყველა კითხვას, რასაც საგამოძიებო ექსპერიმენტი ითვალისწინებდა, პასუხი გასცა.

“მან აღწერა ყველაფერი, როგორ გარბოდა თვითონ და როგორ მისდევდა გარდაცვლილი. მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, თუმცა მამაკაცი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. უნდა შევხვდე დამატებით და გავერკვე, რატომ გარბოდა, რა მიზეზით, რამ აიძულა. შესაბამისად, შევჯერდებით და თუ მას სურვილი ექნება, მიზეზებზე ხმამაღლა ვისაუბროთ, მოგაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

დაკავებული ქალი წინასწარი დაკავების იზოლატორში, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შემდეგ შეასახლეს. გამოძიება მას ბრალს ხვალ წაუყენებს.

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, 7 ოქტომბერს, ერთ-ერთ ფერმაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალმა, 36 წლის მამაკაცი, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.

წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა სექსუალური ძალადობის მცდელობას უკავშირდება.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ოთხი შვილის დედას 7- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button