მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჰერეთის წარმატების 23 წელი – ინტერვიუ რამაზ სამხარაძესთან

ჰერეთი, დღეს, 29 აგვისტოს იუბილარია. კახეთის რეგიონში, ლაგოდეხში, პირველი დამოუკიდებელი სამაუწყებლო კომპანია 23 წლის წინ დაფუძნდა.

გთავაზობთ ინტერვიუს ჰერეთის დამფუძნებელთან რამაზ სამხარაძესთან, რომელიც “ცოდნის კაფემ” ცოტა ხნის წინ ჩაწერა.

მოგვიყევით თქვენ შესახებ – ვინ ხართ, სად ცხოვრობთ, რას საქმიანობთ, რა არის თქვენი ჰობი?

მე ვარ რამაზ სამხარაძე, ვცხოვრობ თბილისში. პროფესიით ვარ რეჟისორი და მედიამენეჯერი. „მედია ჰოლდინგ ჰერეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი. 25 წელზე მეტია მედიაში ვარ.

20 წლის ვიყავი რადიო „ჰერეთი „რომ დავაფუძნე კახეთში. 

ჩემი ჰობია მოგზაურობა, თავგადასავლები, მარტო ბოდიალი ახალ ქვეყნებსა თუ ქალაქებში, ახალი ადამიანების გაცნობა. ასტროლოგია. ვარ გურმანი, მიყვარს ახალი კერძების დეგუსტაცია. ჩემი ჰობი არის სადაც ახლა ვმუშაობ, რადიო ! – ეს ჩემი უსაყვარლესი საქმეა, რომელმაც შეიძლება ითქვას ცხოვრებაში ყველაფერი მომცა.

 რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

ბევრ რამეზე… მაგალითად, მინდოდა კონსერვატორიაში ჩაბარება, მქონოდა თეთრი როიალი, გადამეღო ფილმები, მომემზადებინა გადაცემები, რასაც გარკვეულწილად ვაკეთებდი კიდეც მეზობლის ბავშვებთან, მეგობრებთან ერთად.

ჩემი ბავშვობა საინტერესო იყო. მშობლებისგან ყოველთვის მქონდა მხარდაჭერა, მე და ჩემს ძმებსაც. არ არსებობდა საკითხი და თემა, მე მომენდომებინა და ჩემების მხარდაჭერა არ მიმეღო, ეს იქნებოდა სწავლის მიმართულება თუ სხვა სიახლეები. ურთულეს პერიოდში მომიწია გზის გაკაფვა.

ბევრჯერ ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი, მათ შორის სკოლაშიც, თუმცა ვთვლი რომ ამ ამბებმა გამაძლიერა.

ჩემი ბავშვობის სურვილები მოგვიანებით საქმედ ვაქვიე.

რატომ აირჩეით ის პროფესია/საქმე, რომელსაც ახლა ემსახურებით? რა არის თქვენთვის საინტერესო და ღირებული მასში?

ბავშვობიდან მომწონდა ყველაფერი, რაც დაკავშირებული იყო ხელოვნებასთან, კინოსთან, ტელევიზიასთან და რადიოსთან.

12 წლის ვიქნებოდი, როცა მამამ მაგნიტოფონი მაჩუქა, რომელიც ხმას კარგად იწერდა. მეგობრებთან ერთად, რომლებიც ამავდროულად ჩემი მეზობლებიც იყვნენ, დავიწყეთ გადაცემებისა და ინტერვიუების ჩაწერა.

თქვენ წარმოიდგინეთ და ამავდროულად, ბავშვურად, აქტიურად ვიყავი ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, სამოქალაქო აქტივიზმითაც ვიყავი დაკავებული 12-14 წლის ასაკში.

ეროვნულ მოძრაობას იმ პერიოდში ძალიან უჭირდა და გადავწვიტე რაიმე ფორმით დავხმარებოდი.

თბილისში, სადაც მე ვცხოვრობ, იქვე ახლოს წარსულში სამკაულების ფაბრიკა მუშაობდა. იქაური თანამშრომლები დაწუნებულ თვლებს ნაგავსაყრელზე ყრიდნენ. ჩვენ, მე და ჩემმა მეგობრებმა ამ ნაგავსაყრელიდან ამოვარჩიეთ თვლები და სამკაულები ავაწყეთ.

შემდეგ მოვაწყეთ საქველმოქმედო აქცია და მეზობლებში გავყიდეთ სხვადასხვა მძივი, თილისმა თუ სამაჯური. დაახლოებით 80 მანეთი გადავრიცხეთ „მერაბ კოსტავას ფონდში“.

ამ შემოწირულობის შესახებ ჩვენი უბნის ბავშვებს ფონდმა გაზეთში მადლობაც კი გადაუხადა. ძალიან ბედნიერები ვიყავით გაზეთში ჩვენი სახელები და გვარები რომ ამოვიკითხეთ.

თავისთავად, ბავშვობიდან დაწყებული თამაში თინეიჯერობაშიც გამომყვა, ზაფხულობით კახეთში ჩვენს უბანში კონცერტებს და წარმოდგენების ორგანიზატორიც ვიყავი. მერე ვწერდი სხვადასხვა სცენარს ფილმისათვის და ასე გადავწყვიტე ჩამებარებინა სარეჟისორო ფაკულტეტზე.

გადავიღე მოკლემეტრაჟიანი სადიპლომო ფილმიც „გენერალურო რეპეტიცია“, რომელმაც 2001 წელს სამ ფესტივალზე გაიმარჯვა „ჩვენ მოვდივართ. „ოქროს ჭაბუკი“ და „მოყვარულთა ფილმების ფესტივალი – შემოდგომის თბილისი“.

ვამაყობ, რომ ჩემს ოფისს ამშვენებს იქ მიღებული დიპლომები რეზო ჩხეიძის, ელდარ შენგელაიას, ოლღა თაბუკაშვილის, ოთარ კობერიძის, ირაკლი ონომფრიშვილის და სხვათა ხელმოწერით.

პარალელურად, იყო ტელე-რადიოკომპანიებში მუშაობის გამოცდილება.

1998 წელს დავაფუძნე კახეთში პირველი დამოუკიდებელი მედია – ჰერეთი, რომელიც მართლაც დამოუკიდებელი ფინანსებით არსებობს დღემდე.

მიუხედავად უამრავი პრობლემისა თუ კონფლიქტური სიტუაციისა, მიყვარს ეს ქვეყანა. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა. ვთვლი, რომ ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. ვემსახურებოდე საზოგადოებას მედიასივრციდან. ვცდილობ აქედან შევიტანო ჩემი წვლილი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

ის, რამაც თქვენი ცხოვრება/მსოფლმხედველობა შეცვალა, არის …?

ამერიკამ ! 2002 წლიდან რადიკალურად. იქ სხვა მედიის წარმომადგენლებთან ერთად გავიმარჯვე ამერიკის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სადაც მედია მენეჯმენტის პროგრამით ვიმყოფებოდი.

პროფესიულად, ამ ქვეყანამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩემს ცნობიერებასა და ცხოვრებაზე. პროფესიულად კი ძალიან გავიზარდე.

ამერიკული გამოცდილება ქართულ მედიასივრცეში გადმოვიტანე, რომელიც იყო პროგრამების ძირითადი მიზანი. გაამართლა და ბედნიერი ვარ, რომ მე ეს შევძელი.

ამერიკაში სამჯერ, დაახლოებით 13 -მდე შტატში ვარ ნამყოფი. ყოველ ჩასვლაზე განსხვავებული და მრავალფეროვანი ამერიკა მხვდება,რომელიც უკვე ძალიან ჩემია…

როცა ამერიკული სტუმართმოყვარეობა ვნახე, უამრავი მითი, რომელიც ჯერ კიდევ 2002 წლამდე ამ ქვეყანაზე მქონდა შექმნილი, მყისიერად დაიმსხვრა.
ამერიკელს, რაც არ უნდა დიდი ფული ჰქონდეს, ძალიან უბრალოა – ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით…მასთან კომუნიკაცია მარტივია და რაც მთავარია, თანასწორად აღგიქვამს. იღებენ ადამიანებს ისეთებს, როგორებიც არიან.

2015 წელია, „ახლა რაზე ფიქრობთ?“ – ტენესის შტატში ნეშვილის დავყურებთ თავზე, 4-კაციან პატარა თვითმფრინავში, სადაც მე, თაზო, ლია და ბადი ვართ, თავად ამ თვითმფრინავის მფლობელი ბადი გვეკითხება…რაზე ვფიქრობ და ახლა ეს თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს, წარმომიდგენია რა ამბები მოხდება მეთქი. ამერიკის და საქართველოს მთავარ თემებში ვიქნებით, ჰედლაინებსაც გეტყვი მეთქი…

ბადი, რომელიც თავად მართავდა თვითმფრინავს, გაოცებული სახით, მთელი ტანით შემობრუნდა ჩემსკენ, უკანა მხარეს, სადაც მე და თაზო ვისხედით…წინ მჯდომ ლიას სიცილი წასკდა.

74 წლის კაცი ვარ და ჯერ სიკვდილზე არ ვფიქრობ, თუმცა მესმის შენიო, როგორც ჩანს, თქვენი ქვეყნის მენტალიტეტზე 70- წლიანმა საბჭოთა რეჟიმმა და მერე ომებმა იმოქმედაო…დღემდე მუდამ პოზიტივზე ვარ ორიენტირებულიო – თქვა ბადიმ და მართალიც იყო.

2015 წლის შემდეგ ცუდი აზრები აღარ მომდის თავში…ერთგვარი გაკვეთილი აღმოჩნდა ჩემთვის ,,ნეშვილის ცის ფიქრები”.

ბადი შეერთებულ შტატებში ცნობილი რადიომენეჯერია, ახლა 80 წლისაა და 31 რადიოსადგურის მფლობელია, ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე – როსმარი და ნეშვილში ორსართულიან ულამაზეს სახლში, მდიდრების დასახლებაში ცხოვრობს.

ძალიან გაგვიმართლა, რომ ჯერ აშშ-ს საელჩოს პროექტში GMPP – ის პროგრამაში რადიო ჰერეთმა გაიმარჯვა და მეორეც, შეერთებულ შტატებში უჩვეულო მასპინძლები დაგვხვდნენ, რომლებიც ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდეს დამავიწყდება.

მე და ჩემი კოლეგები სულ 4 კაცი (ტექნიკური, ფინანსური და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელები), ამერიკის შეერთებულ შტატებში გავემგზავრეთ.
რადიო თბილისის FM93.5-ის დაგეგმვა სწორედ ამერიკული ვოიაჟის მერე დავიწყეთ…იქაურმა ხედვამ დიდი მუხტი მოგვცა რადიო უკეთესად დაგვეგეგმა და კარგ შედეგებზე გავსულიყავით უმოკლეს დროში, მაღალი კონკურენციის პირობებში…

ქართველებს თავი ზე-სტუმართმოყვარედ რომ მიგვაჩნია, ეს მითი აუცილებლად დაგემსხვრევათ, როცა ამერიკას ნახავთ და ნამდვილ ამერიკელებს გაიცნობთ…

თქვენ, როგორც რადიო ჰერეთის დამფუძნებელმა, იცით, რას ნიშნავს საქმის ნულიდან დაწყება. მოგვიყევით ამ გამოცდილებისა და განვლილი გზის შესახებ, რა სირთულეები შეგხვდათ, რა წარმატებას მიაღწიეთ, რა გასწავლათ ამ ყველაფერმა …

რთულია საქართველოში „მედია-მენეჯერობა“… მედიის ფლობა. რომ არა ეს საქმე, ალბათ დღეს ტურისტული კომპანიის მფლობელი ვიქნებოდი, მექნებოდა რამდენიმე ვილა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრს ვიმოგზაურებდი…ან რესტორნების ქსელი…და იქ თავადაც მოვამზადებდი გემრიელობებს.

მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი, კახეთში რომ წავედი და რადიო ჰერეთის იდეის განხორციელება დავიწყეთ… ფაქტობრივად შიშველი ხელებით. 1998 წელს 29 აგვისტოს მშობლებისგან მოცემული სულ 2500 $-მდე მქონდა.

მშობლების და მეგობრების, თანამშრომლების მუდმივი თანადგომით, ძალიან დიდი ენთუზიაზმით დავიწყეთ…

ბევრი არაფერი გამეგებოდა რადიოს თემის, გარდა იმისა, რომ სტუდენტობის დროს ვმუშაობდი რადიოებში: „საქართველოს ხმა“ და „მეცხრე ტალღა“.

დღესაც ენთუზიასტი ვარ, პატარა ბავშვივით …

ჰერეთი – პირველი და ამ დრომდე ერთადერთი დამოუკიდებელი რადიოსადგურია კახეთის რეგიონში  (რეალურადაც ასეა: არასოდეს, არცერთი ხელისუფლების დროს დაფინანსებულა რაიმე სახის სახსრებით. არ დაფინანსებულა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან. არასოდეს გაუკონტროლებია არავის… ამიტომაც იყო მუდმივი ლტოლვა ჩვენს საინფორმაციო მაუწყებლობაზე გავლენის მოსაპოვებლად…პატარა თუ დიდი ჯგუფებისგან)

ფული რომ არ გვქონდა, კახეთში პირველმა დავიწყეთ “დისკოთეკების”, კონცერტების ორგანიზება და თბილისიდან მაშინდელი პოპულარული მომღერლები მიგვყავდა. რადიოს ხარჯებს ამ “ივენთებიდან” მიღებული შემოსავლებით ვფარავდით. ახალ ამბებს გაზეთებიდან ვკითხულობდით….ხან ჩვენი თანამშრომლები სამ სოფელს იქით მიდიოდნენ ფოსტაში, სააგენტოს ნიუსები რომ მიეღოთ…ზამთარში გასათბობი რომ არ იყო, თანამშრომლებს შეშა სახლიდან მოჰქონდათ…რეგიონში ინტერნეტი რომ არ იყო, იმდენი მოვახერხეთ,პირველები ვიყავით, ვინც შსს-სა და უშიშროების სამსახურების შემდეგ, თბილისის ნომრიანი ტელეფონი დავიდგით და ე.წ დაილაპით და ფაქსით ვიღებდით სააგენტოების ახალ ამბებს.

ვინსტონი, პირველი ამერიკელი DJ-რადიო ჰერეთში მუშაობდა.

რთული დღეები იყო… განსაკუთრებით კი ყოველი არჩევნებისას, სადაც ჩვენს თანამშრომლებს დასდევდნენ, ნათესავებს აწუხებდნენ, ნათესავები ჩვენ…რეგიონში, სადაც ყველა ერთმანეთის ნაცნობია, ჩვენ ჟურნალისტურ გამოძიებებზე ვმუშაობდით და თანხების გაფლანგვაში ვამხელდით კონკრეტული თანამდებობის პირებს. ხშირშემთხვევაში მარტო ვრჩებოდით…მსმენელის კულტურაც განსავითარებელი იყო… გვცემდნენ, გვივარდებოდნენ ოფისში, გვემუქრებოდნენ…პირადად მე არაერთი კოშმარული დღე გამოვიარე. – ცუდი პერიოდი იყო… ახლა სოზარი კი პოლიტიკაშია, მაგრამ რომ არა მაშინდელი სახალხო დამცველის პროაქტიული ძალისხმევა, დღეს ჩვენ ეთერში არ ვიქნებოდით.

ბევრჯერ შემომთავაზეს პოლიტიკაში წასვლა, მათ შორის ახალი ხელისუფლების პირობებში…მთავაზობდენ პარლამენტარობას, რეგიონის ხელისუფლებაში ყოფნას…ცხადია უარი ვთქვი და ეს გადაწყვეტილება მტკიცეა…რაც არვიცი, იმას ვერ გავაკეთებ….ვერასოდეს შევღებავ ავტომობილს, არვიცი და აბა როგორ…არ არის ჩემი…და მერე, პოლიტიკაში რომ ხარ, სულ მუდმივად უკმაყოფილო უნდა გყავდეს ყველა, ახლობელიც და სხვაც…თორემ სხვებივით გადავიდებდი ფეხი-ფეხზე და ავიღებდი ხალხის გადასახადებით გადახდილ უზრუნველ ფულს…სამაგიეროდ, იმ ამბავს მოვკლავდი რამაც აქამდე მომიყვანა.

მაგრამ დღეს ზუსტად ვიცი რა უნდა ჩავრთო ავტომობილში და რა მოვასმენინო მსმენელს.

გამიმართლა, რომ ჩვენს იდეას ბევრი საერთაშორისო ფონდი და ორგანიზაცია დაუდგა გვერდით. მოვიპოვეთ არაერთი დაფინანსება. შევიძინეთ ტექნიკა, გამოვაცხადეთ ვაკანსიები, ვასწავლეთ ყველას ვისაც რადიოში მუშაობა უნდოდა…და დღემდე ასეა, ვასწავლით… გავიმარჯვეთ უამრავ საერთაშორისო კონკურსში. 30-მდე ქვეყანაში ვიმოგზაურე და დაახლოებით 20 ქვეყანა აქედან პროფესიული მიმართულებით…

ჰერეთი არის პირველი ქართული მაუწყებლობა, რომელიც Apple – ზე და Android – სისტემებზე გავიდა. (ჰო, მუდმივად ინოვაციურ გზებზე ვფიქრობდით და ახლაც ასეა…იქ უნდა იყო, სადაც შენი მომხმარებელია – სადაც განვითარებაა) მუდმივად ვცდილობდი და დღესაც ვცდილობ უცხოური გამოცდილება ქართულ სინამდვილეს მოვარგო და აქ წარმატებით ავამუშაო…

8 წლიანი ბრძოლის შემდეგ (სამივე ინსტანციის სასამართლო მოვიგეთ კომუნიკაციების კომისიასთან) 2015 წელს თბილისში FM93.5 – ზე მაუწყებლობის უფლებაც მოვიპოვეთ.

ჰერეთი განვითარების ახალ ეტაპებზეა, ჩვენ ჯამში 4 რადიოსადგური გვაქვს: ჰერეთი, თბილისი, ციტრუსი და Relaxwebradio. ვებგვერდებს, აპლიკაციებსა და სოციალური ქსელის პლატფორმებს.

ჩვენ ვართ მედია ბიზნესი, რომელიც მზარდად ვითარდება და ეხმარება ადამიანებს მიუკერძოებელი, ობიექტური, ამავდროულად კრიტიკული და პროაქტიული ახალი ამბების მიღებაში.

“ჰერეთის”, როგორც ბრენდის შექმნა, უკავშირდება მრავალფეროვნებას, დემოკრატიულობას, ეროვნულ მთლიანობას. ამ მიზნის მიღწევაში რადიოს ხელს უწყობს თავად სახელიც, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ძველ კუთხეს, ჰერეთს გვახსენებს.

ჩვენ ვართ ნარინჯისფერები. სიახლის, თავისუფლების, თავდაჯერებულობის, შეუდრეკელობის, სასიცოცხლო ძალების, მზისა და სითბოს, ინტელექტისა და განვითარების სიმბოლო.

დღეს, ჰერეთი ოპერირებს როგორც კახეთის რეგიონში ასევე დედაქალაქსა და აჭარაში. იქ სადაც მსხვილი ფინანსური ინსტიტუტებია თავმოყრილი.

ჩვენი უახლესი გამოწვევებია ბათუმის სტუდიის აქტიური ამუშავება, მეტი ინტეგრაცია რადიოსადგურებს შორის და მდგრადობა ციფრულმედიასივრცეში.

ბაზარი გაჯერებულია ბევრი კარგი რადიოს არსებობით… თუმცა, არ ვიქნები სუბიექტური, რომ ვთქვა – რადიო თბილისი ყველაზე, ყველაზე მრავალფეროვანია და თბილისური FM -ის Diamond – ია.

გაზეთი/ტელევიზია თუ კვდება და ინტერნეტმა ჩაყლაპა, სანამ ავტომობილი იარსებებს, რადიო სულ ცოცხალი იქნება….ყველა განვითარებულ ქვეყანაში ცოცხალია. ჰო და მანქანის მართვისას ვერც ტელევიზორს უყურებ და ვერც ფეისბუკში შეხვალ…იქ ჩვენ ვართ!  მთავარია, რას სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს….გვიჭირს, მაგრამ აქაც იქნება აუცილებლად შედეგები, მნიშვნელოვანია რომ უკვე ძალიან ბევრი გვისმენს, ბევრი მსმენელი კი ძალაა!

ალბათ, მუდმივი შრომა და მიზნებზე ორიენტირება აუცილებლად ამოხსნის იმ ამოცანებს, რომელიც დასახული გაქვს ადამიანს.

ჰო და, ამ სტრესულ ქვეყანაში 23 წელი რომ მედიას აშენებ, თან დამოუკიდებელს ძნელია…

გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ბევრი ფაქტორიც იყო აქამდე რომ გავძელი…ჩემებმაც შემიწყეს ხელი.

მხოლოდ ის რად ღირს, რომ რადიომ ნათიასთან დამაკავშირა და სამი გადარეული შვილი მყავს.

საუკეთესო რჩევა, რომელიც მიგიღიათ არის…?

ყოველთვის არსებობს გამოსავალი, მთავარია გქონდეს სურვილი ცვლილებებისთვის. პირველ რიგში, ცვლილებები საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. მე ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე და, ალბათ, ბევრი კიდევ წინაა.

რას შეცვლიდით იმ გარემოში, სადაც ახლა ცხოვრობთ?

ბევრ რამეს…ვფიქრობ ჩვენი, ყველას მთავარი პრობლემაა განათლების დეფიციტი. მეტი ღია ადამიანი გვჭირდება, დასავლური, თანამედროვე ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომლებიც მზად არიან ცვლილებებისთვის, განვითარებისთვის.

როცა აღჭურვილი ხარ შესაბამისი ცოდნით, მაშინ ხარ ძლიერი და შენს გარშემო მყოფ ადამიანებსაც უქმნი მოტივაციას, გაძლიერდნენ და იცხოვრონ უკეთეს გარემოსა და საზოგადოებაში, ქვეყანაში.

როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს და რა ძალა აქვს განათლებას თანამედროვე სამყაროში?

ჩემი ნება რომ იყოს, მთელი ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის 90 % -ს განათლების სისტემისკენ მივმართავდი.

განათლებას აქვს პირველი და უმნიშვნელოვანესი ძალა დაწყებული პროფესიული უნარჩვევებიდან, დამთავრებული საარჩევნო პროცესებით…სამწუხაროდ, ყველა უბედურება რაც ბოლო 30 წელია ჩვენს თავს ხდება სამოქალაქო, საზოგადოებრივი კულტურის ნაკლებობის და განათლების დეფიციტის ბრალია. საბავშვო ბაღიდან დაწყებული, უმაღლეს სასწავლებლებით დამთავრებული, ძირეულად შესაცვლელია როგორც მიმდინარე აღზრდის, სწავლების პროცესი, ისე შენობა ნაგებობებიც კი.

როგორ ხედავთ არაფორმალური განათლების მნიშვნელობას დღევანდელ რეალობაში?

უმნიშვნელოვანესია. ზემოთაც აღვნიშნე, რადიკალურად შესაცვლელია არსებული მიდგომები. ვფიქრობ, თანამედროვე რეალობაში არაფორმალური განათლებით ადამიანები უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე არსებული სისტემის პირობებში.

როდის და როგორ გაიგეთ პირველად „ცოდნის კაფეს“ შესახებ?

სულ დასაწყისიდან, „ცოდნის კაფეს“ შესახებ პირველად კახეთიდან გავიგე, როცა ჩვენ, ჰერეთისთვის მოვამზადეთ მასალა.

რას ნიშნავს თქვენთვის „ცოდნის კაფე“? რა როლი და სამომავლო პერსპექტივა აქვს მას თქვენი აზრით?

ეს არის რეგიონში, საქართველოში ერთ-ერთი ნათელი შუქურა, დემოკრატიის პატარა კუნძული, მშრომელი და სტუმართმოყვარე დამფუძნებლებით.

ყურადღებით ვადევნებ თვალ-ყურს თქვენს აქტივობებს და ვამაყობ, რომ ასეთი გულანთებული ახალგაზრდები უამრავ წარმატებულ პროექტს ახორციელებთ. ასეთი კუნძულების არსებობა უმნიშვნელოვანესია რეგიონებისთვის, საიდანაც სამწუხაროდ მიგრაციის პროცესი მაღალია.

ვფიქრობ, „ცოდნის კაფე“ უნდა გახდეს ერთგვარი პლატფორმა, ადგილობრივი ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებითაც.

რატომ გადაწვიტეთ, მონაწილეობა მიგეღოთ „ცოდნის კაფეს“ მშენებლობაში? რა არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოც გახდით მისი ერთ-ერთი მაშენებელი?

ახლა 43 წლის ვარ. 20 წლის ვიყავი, როდესაც კახეთში რადიო დავაფუძნე.

რატომ და, ჩემი თავი გამახსენდა პირველ რიგში, როგორ დავიწყეთ კახეთში შიშველი ხელებით საქმე და წარმოვიდგინე, თქვენც რამდენ სირთულეს აწყდებით.

რა ძალა ექნებოდა მაშინ, პროვინციაში, ბნელ 90-იანებში, 1998 წელს მხარდაჭერას სხვადასხვა ადამიანისგან და ორგანიზაციიდან.

ასეთ ნოვატორულ იდეებს, რომელიც მიმართულია დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობისკენ, განათლებისა და ცოდნისაკენ, უთუოდ სჭირდება სოლიდარობა, მხარდაჭერა, თანადგომა. მით უფრო რეგიონებში, სადაც ურთულესია ყოფა.

როგორ ფიქრობთ, რას შეცვლის „ცოდნის კაფეს“ არსებობა რეგიონში? ქვეყანაში?

ბევრი ადამიანი გააზრებულად, მოტივირებულად დადეგმავს დღის წესრიგს, თავის მომავალს და აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს უკეთესობისკენ. მჯერა, რომ თქვენს გუნდს ეს გამოუვა.

რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

იყავით ლაღები, მიმღებლები, პატივი ეცით განსხვავებული შეხედულების ადამიანებს. მოუსმინეთ ერთმანეთს, იყავით გულწრფელები და სოლიდარულები.

მსგავსი პოსტები

Back to top button