ჰიჩკოკი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს [Video]
ამერიკელმა მსახიობმა, ტიპი ჰედრენმა, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმებით: “ჩიტები” და “მარნი”, თავის მემუარებში სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა ლეგენდარული ბრიტანელი რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი.
ჰედრენის მიერ დაწერილი წიგნის – “ტიპი” პრეზენტაცია 1 ნოემბერს შედგა და დიდი სკანდალი გამოიწვია.
მემუარებში ჰედრენი ჰიჩკოკთან ერთიერთობებზე მოგვითხრობს, როცა იგი ლეგენდარულ რეჟისორთან ერთად ფილმ “მარნიზე” მუშაობდა. მისი თქმით, ერთ-ერთი გადაღების დროს ჰიჩკოკმა ხელის ფათური დაუწყო.
“ეს სექსუალური ძალადობა იყო, გარყვნილ და მახინჯ ფორმაში, რამაც შოკში ჩამაგდო”, – განაცხადა ჰედრენმა.
მან ასევე დასძინა, რომ ჰიჩკოკი მას კარიერის განადგურებით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ იგი მასთან კონტრაქტს გაწყვეტდა.
როგორც ცნობილია, ჰედრენმა “მარნის” გადაღების დამთავრებისთანავე ჰიჩკოკთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც მისი კარიერის დაღმასვლა დაიწყო.
ამჟამად ტიპი ჰედრენი 86 წლისაა. იგი მსახიობ მელანი გრიფიტის დედა და ასევე მსახიობ დაკოტა ჯონსონის ბებიაა. უკანასკნელმა ფილმში “გრეის ორმოცდაათი ელფერი” ანასტასიას როლი განასახიერა.