“ჰოლანდიური” სწრაფი ტესტები, რომელიც საქართველომ შეიძინა, ჩინურია
საგამოძიებო პლატფორმის OCCRP-ისა და ჰოლანდიური საგამოძიებო გამოცემის Investico-ს ჟურნალისტების გამოძიების მიხედვით, ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ის მიერ გაყიდული ახალი კორონავირუსის ტესტები, სახელწოდებით Biozek სინამდვილეში არა ჰოლანდიური, არამედ ჩინური წარმოებისაა.
Inzek International Trading-ისგან 930 000 ლარის ღირებულების Biozek-ის ტესტები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომაც შეიძინა.
მასალა ამის შესახებ თავდაპირველად გამოცემა OC-Media-მ მოამზადა.
გამოცემის ცნობით, 24 აპრილს ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინი პროდუქტების ქართული იმპორტიორი კომპანიისგან Solemart 930 000 ლარის ღირებულების 30 000 ტესტი შეიძინა. OC-Media-სვე ცნობით, შესყიდვების დოკუმენტში მთავრობა წერდა, რომ ტესტების მწარმოებელი ჰოლანდიური კომპანია Inzek International Trading-ი იყო.
OCCRP-ისა და Investico-ს მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ სახელით Biozek ბრენდირებული ტესტები, სინამდვილეში, ჩინური კომპანიის მიერაა წარმოებული, რომლის ორიგინალი სახელიც Alltest-ია. Inzek International Trading-ის დამფუძნებელმა, ზეკი ჰამიდმა, OCCRP-ისთან საუბარში აღიარა, რომ ტესტები სინამდვილეში ჩინეთშია დამზადებული და ასევე თქვა, რომ კომპანია, რომელიც ტესტებს აწარმოებს, “პროფესიონალური მწარმოებელია და მათ ოფიციალური სერტიფიკატებიც აქვთ”.
OCCRP-ის კითხვაზე, თუ რატომ უწერიათ ვებ-გვერდზე, რომ ტესტები ჰოლანდიური წარმოებისაა, ჰამიდი პასუხობს, რომ ერთ სიტყვაშია შეცდომა და ამას გამოსწორებენ. მათივე ცნობით, მომდევნო დღეს, 29 აპრილს ვებ-გვერდზე ტესტების აღწერა შეიცვალა.