ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა 21 მაისს მოსკოვში ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატები ჩაიტანა, რათა რუსეთს კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს.
რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის საელჩოს ცნობით, სამხედრო თვითმფრინავით მოსკოვში ჩატანილი 50 ფილტვის ვენტილატორი არის პირველი ნაწილი „იმ ჰუმანიტარული ქველმოქმედებისა“, რომელიც 5,6 მილიონ დოლარს შეადგენს და რომლის ფარგლებშიც, რუსეთი ამერიკული წარმოების 200 ერთეულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილატორს მიიღებს.
რუსეთის მთავრობის ოპერატიული შტაბის თანახმად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის ინფექციამ 150 ადამიანი იმსხვერპლა, რაც ეპიდემიის განმავლობაში ერთ დღეში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ რუსეთში 326 448-ს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა „ცივი ომის“ შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე იმყოფება, „ორივე მხარემ გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოება და ყურადღება ჩვენი ხალხების საჭიროებებზე გადაიტანონ“. – ნათქვამია რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
მანამდე, აპრილის დამდეგს, რუსეთმა აშშ-ში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები და სხვა სამედიცინო დანიშნულების საგნები გაგზავნა.
მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ამერიკაში ის არ გამოუყენებიათ. ზოგი მათგანი კი, იმავე ტიპის იყო, რომელთაც რუსეთის კლინიკებში ხანძარი და პაციენტების სიკვდილი გამოიწვიეს.