სპორტი

იაპონელი მოსახლეობის ნაწილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმებას ითხოვს

იაპონელმა პოლიტიკოსმა კენძი უცუნომიამ ინტერნეტ გვერდზე Change.org პეტიცია განათავსა.

პოლიტიკოსმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გაუქმება მოითხოვა, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა.

ერთი კვირის განმავლობაში პეტიციას 350 ათასზე მეტი ხელმომწერი შეუერთდა.

„გააუქმეთ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ჩვენი სიცოცხლის გადასარჩენად“,- ამ მოთხოვნით მიმართა მოსახლეობამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტს, იაპონიის ხლისუფლებას, ტოკიოს მუნიციპალური ადმინისტრაციასა და თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს.

დოკუმენტში წერია, რომ კორონავირუსის პანდემიის ამჟამინდელ პირობებში თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება შეუძლებელია.

“იმ ვითარებააში, რომელშიც ვიმყოფებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი იყოს. დაწესებული შეზღუდვები, დიდი ალბათობით, სპორტსმენებს დიდ სტრესში ჩააგდებს, რის გამოც ისინი თავიანთი საუკეთესო შედეგების ჩვენებას ვერ შეძლებენ”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, თუმცა მსოფლიოში არსებულმა კოვიდვითარებამ მისი ერთი წლით გადადება გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით იაპონიის დედაქალაქში საზაფხულო ოლიმპიადის ჩატარება 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით დაიგეგმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button