ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეებიტოკშოუ

იდუმალი გვირაბი ბათუმში

რადიო "თბილისის" საგამოძიებო-საზოგადოებრივი პროექტი "სატრანსპორტო ლაბირინთი"

ბათუმის საცობების პრობლემის გადასაჭრელად, ქალაქის მუნიციპალიტეტი რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს. მათ შორის, შავშეთის ქუჩაზე, ეგრეთწოდებულ მანთაშევის გადასასვლელზე 40-დან 80 მეტრამდე საავტომობილო გვირაბის მშენებლობაა. როგორც ბათუმელი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი ამბობს, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი, სადაც გვირაბი უნდა აიგოს, რკინიგზის დეპოსა და საზღვაო პორტს შორისაა, მისი განხორციელება მარტივი არ იქნება.

 

გიორგი რამიშვილი:

„რთული სატრანსპორტო კვანძია. მნიშვნელოვანი ქუჩების გადაკვეთაა, სარკინიგზო ლიანდაგებსაც კვეთს გზა და ხშირად, საცობები კეთდება მაგ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, პროცესიებია გასაგები მიზეზის გამო… ქალაქის ცენტრალური სასაფლაოა მაქ და პროცესიებია ხშირად, რაც კიდევ დამატებით პრობლემებს ქმნის. ბაზარია, ავტოვაგზალია და ეს ყველაფერი არის ერთ პატარა ადგილზე, მცირე მონაკვეთზე. სამანევრო ტერიტორიაა კიდევ რკინიგზისა. ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ცალკე ნაკადია მათთვის განკუთვნილი.“

გიორგი რამიშვილი ბათუმის მუნიციპალიტეტში ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელია. მან ამ სივრცის ისტორიაც კარგად იცის. მისი თქმით, მოცემულ ლოკაციაზე, მიწის ქვეშ, უამრავი სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია გადის.

გიორგი რამიშვილი:

„მაქ არის კომუნიკაციები, მათ შორის, მიწისქვეშა კომუნიკაციები, საკმაოდ რთული. ალბათ, ბათუმელებს, შედარებით, ასაკოვან ბათუმელებს ახსოვთ წინა საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, შეიძლება, უფრო 70-იანების დასასრულს, ხანძარი, რომელიც მანთაშევის გადასასვლელზე ხუთსართულიან სახლს გაუჩნდა იმის გამო, რომ პორტში გაჩენილი ხანძარი რომელიღაცა მიწისქვეშა დახურულმა არხმა, სავარაუდოდ, სანიაღვრე არხმა რამოდენიმე ასეულ მეტრზე გადმოიტანა ისე, რომ სერიოზული კრიზისული სიტუაცია შექმნა.“

შავშეთის ქუჩაზე სამუშაოები ბათუმის მერიამ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა ამ ეტაპზე, მხოლოდ სანიაღვრე არხის რეაბილიტაციაზე ამახვილებს ყურადღებას. მერიის ფეისბუქ-გვერდზე ქალაქის მერი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ სანიაღვრე არხის გარდა, კეთილმოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციებიც და ამისთვის, 9 მილიონი ლარი დაიხარჯება.

არჩილ ჩიქოვანი:

“აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები შავშეთის ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში, კეთილმოეწყობა როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე მიწისქვეშა კომუნიკაციები, სრულიად განახლებული სანიაღვრე არხი, რომელიც მოემსახურება არამარტო ამ ქუჩას, მიმდებარე ტერიტორიებსაც. ასევე, სრულად განახლდება განათების სისტემები, მოეწყობა ბორდიურები, მწვანე საფარი და სრულად თანამედროვე ინფრასტრუქტურას მივიღებთ.“

რაც შეეხება საავტომობილო გვირაბს, მერიამ, ბაზრის მოკვლევის დოკუმენტის საფუძელზე, უკვე ტენდერიც დააანონსა. გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით, დეტალებზე საუბარი ქალაქის მერიის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნათია ზოსიძეს ვთხოვეთ.

ნათია ზოსიძე:

„შავშეთის ქუჩაზე ვაკეთებთ ახლა სანიაღვრეს.“

რადიო „თბილისის“ კორესპონდენტი:

„ამ წუთში სანიაღვრეა, ხო. თუ არის რამე კონსულტაციები [ფოკუს] ჯგუფებთან და როგორ მიხვედით მაგ დასკვნამდე, რომ ეს გაკეთებულიყო?“

ნათია ზოსიძე:

„კონსულტაციები თუ იყო შესაბამის ჯგუფებთან, ხო?“

რადიო „თბილისის“ კორესპონდენტი:

„ჰო, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი პროექტია, თან, რაღაც პრეცედენტული, ისეთი, რომ… ჯერ გვირაბი ეგეთი ჩვენ არ გვქონია, ასე ჩასასვლელი, მანქანების გასასვლელი და ამიტომაა საინტერესო.“

ნათია ზოსიძე:

„კარგი, ირმა. დაგირეკავ.“

დაპირება, რომ დეტალებს დააზუსტებდა და შეგვეხმიანებოდა, საბოლოოდ, მხოლოდ ესემეს შეტყობინებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც, ჯერ ტენდერი არ ჩატარებულა და ამიტომ რაიმეს დაკონკრეტება ადრეა. ბაზრის კვლევის დოკუმენტში კი, ვკითხულობთ, რომ გვირაბის მშენებლობის დეტალურ საპროექტო გეგმაზე და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე, მერია ხელშეკრულებას გააფორმებს ერთ კომპანიასთან. სამუშაოს დასასრულებლად კი, მხოლოდ 10 თვე აქვს განსაზღვრული.

გიორგი რამიშვილი:

„მიწისქვეშ, სიღრმეებში სამუშაოების ჩატარებას ყველა ერიდება გასაგები მიზეზების გამო. გრუნტის წყლებია ბათუმშ, აგრესიული წყლებია და რთულია, ძვირია საერთოდ, ეს მიწისქვეშა სამუშაოები. ამიტომ, ყველა ერიდება და ძალიან სკურპულოზულად სწავლობენ ხოლმე. თვითონ დოკუმენტი იმგვარადაა შედგენილი, რომ ჩანს საკითხის გადანდობა მომავალ გამარჯვებულზე. დავალების დაზუსტებაც კი, გადანდობილია. პირობები გულისხმობს, რომ ძალიან ბევრი საკითხის დაზუსტება მოხდება პროცესის განვითარების პარალელურად.“

კვლევის დოკუმენტით, ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირს უნდა ჰქონდეს ნაპირსამაგრი, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლისა და კანალიზაციის, საავტომობილო გზების, გზატკეცილების, ქუჩების მშენებლობა-რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის, რკინა-ბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაო გამოცდილება, საერთო ღირებულებით, არანაკლებ, 80 მილიონი ლარის ოდენობით.

ამგვარი მონაცემების მქონე კომპანია შპს „გზაა“, რომელიც სახელმწიფო ტენდერებს ხშირად იგებს და „სატრანსპორტო ლაბირინთის“ სხვა გადაცემაშიც ვახსენეთ. მისი მესაკუთრე გიორგი ჭყონიაა და ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემწირველია. აღსანიშნავია, რომ შავშეთის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ის ასრულებს. ახალი სანიაღვრე არხი ძველ არხზე დაერთდა, რომელიც პორტის გავლით, ზღვასთან გადის. ადგილზე მისულებს, მუშებმა გვითხრეს, რომ სამუშაოებს, ამ ეტაპზე, თითქმის, უკვე მორჩნენ და სექტემბრიდან, საავტომობილო გვირაბის მშენებლობას შეუდგებიან. სავარაუდოდ, სექტემბერშივე გავიგებთ, იქნება თუ არა შპს „გზა“ კვლავ ტენდერში გამარჯვებული.

წინამდებარე მასალა მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით. მისი შინაარსი „ჰერეთის“ პასუხისმგებლობაა და არ გამოხატავს ევროკავშირის და გერმანიის ფედერალური სამინისტროს შეხედულებებს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button