ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

„იძულებით თუ ნებით“ პოზიციების დათმობა-რა ხდება საარჩევნოდ ლაგოდეხში

ლაგოდეხში წინასაარჩევნო გარემო არცთუისე კონკრენტუნარიანია. ამ დროისთვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე კენჭს 2 კანდიდატი იყრის. რამდენიმე დღის წინ ჯერ კიდევ 3 პოლიტიკოსს სურდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერად გახდომა, თუმცა გასულ კვირას, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ კანდიდატურა მოიხსნა.

ჯაფარიძე, რომელიც სამი წლის განმავლობაში, ამჟამად მოქმედი მერის და მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის მოადგილედ მუშაობდა, ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერით სარგებლობდა.
მერის თანამდებობის მოსაპოვებლად არჩევნებში მონაწილეობაზე უარი მან სოციალური ქსელით დააფიქსირა და ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც მას შეთანხმებულ კანდიდატად მიიჩნევდნენ, მანამდე კონსულტაცია არ გაუვლია.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში განცხადების გამოქვეყნებამდე ორი საათით ადრე, ის, ერთ – ერთ პარტიულ ოფისში, არჩევნებში ბრძოლის ტაქტიკას განიხილავდა. ფეისბუქზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ზურა ჯაფარიძე, საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად, პოლიტიკური ჯგუფების მიერ ერთობის დარღვევას ასახელებს.

შეთანხმებული კანდიდატის გადაწყვეტილებას, პოლიტიკური პარტიები ოფიციალურად ჯერჯერობით არ აფასებენ. რადიო ჰერეთის ინფორმაციით, ისინი ჯაფარიძესთან დაკავშირებას დღემდე ცდილობენ, თუმცა, მერის ყოფილი მოადგილე, ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრაზე უარს აცხადებს.

“ნაციონალური მოძრაობის”ლაგოდეხის ორგანიზაციის წევრი, ვახტანგ დევიძე ჯაფარიძის გადაწყვეტილებაში “ქართული ოცნების” კვალს ხედავს.დევიძე ამბობს, რომ ჯაფარიძე სავარაუდოდ მოისყიდეს ან დააშინეს.

ჯაფარიძე არ ეკონტაქტება მედიასაც. ის არ პასუხობს სატელეფონო ზარებს, გაუქმებული აქვს გვერდი სოციალურ ქსელში და უარს ამბობს ყველა სახის კომუნიკაციაზე.

ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ, 2020 წლამდე მუშაობდა.ის პარალელურად სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო, დაუზუსტებელი ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვება სწორედ ტენდერებში არსებული უზუსტობების გამო მოუწია. დღემდე ლაგოდეხის მერიის თანამშრომელია, მისი ძმის მეუღლეც, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, ქალთა ოთახს ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა, გასულ კვირას ასევე მოიხსნეს კანდიდატურა “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, გურამ დონაძემ და ჯაბა ტალახაძემ. ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ საარჩევნო შტაბს ფაქტზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

თავად ყოფილი საარჩევნო სუბიექტები კი პირად საუბრებში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მათი პირადი გადაწყვეტილება იყო.

გასულ კვირასვე პოლიტიკური შეხედულებების გამო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, სალომე ღონღაძე თანამდებობიდან გადააყენა. გადაწყვეტილებას მხარი 17 დეპუტატმა დაუჭირა, 12 წინააღმდეგი იყო.
საკრებულოს თავმჯდომარის , კახა ჯამბურიას განმარტებით, სალომე ღონღაძემ უმრავლესობა დატოვა და სხვა პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა, რითაც საფრთხე შეექმნა იმ კომისიის მუშაობას, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.

სალომე ღონღაძე, რომელიც გახარიას გუნდშია, მომხდარს პოლიტიკურ დევნას უწოდებს და ამბობს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

საბოლოოდ, 2021 წლის 2 ოტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პოზიციაზე 2 კანდიდატი აგრძელებს ბრძოლას, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი მოქმედი მერი ჯონდო მდივნიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი მალხაზ ნოზაძე, რომელიც მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის კანდიდატია ლაგოდეხში.

ნოზაძემ მიმდინარე წლის გაზაფხულზე საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა დაკავებული თანამდებობა და მას ამ დროისთვის ახალი პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალა“ უჭერს მხარს.

მსგავსი პოსტები

Back to top button