მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პარლამენტი დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებათა კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით განიხილავს
საკონსტიტუციო ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2%-მდე დაწევას, მანდატების პროპორციული განაწილების წესის დადგენას, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად დეპუტატთა საჭირო რაოდენობის 4-მდე შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას გულისხმობს.

სწორედ პროკურორის არჩევის ნაწილში ფიქრობს მმართველი გუნდი, რომ შეთავაზებულ მოდელთან დაკავშირებით გარკვეული დაზუსტებები იქნება საჭირო.

საკონსტიტიციო ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვის წინ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში განაცხადეს, რომ გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი პრობლემური იქნება. პარტიის თავმჯდომარის, პარლამენტის დეპუტატ ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნება” ამ ცვლილების ინიცირებას დათანხმდა, რადგან ეს ეწერა ოპოზიციასთან 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში, რომელიც უკვე ანულირებულია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ ინიცირებული დოკუმენტის შესაბამისად, გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესი მიზნად ისახავს პოლიტიკურ პროცესებში ოპოზიციის როლის გაზრდას.

“ეს არის იურიდიულად დამახინჯებული რეგულაცია და სრული აბსურდი, რომელიც არავითარ არც დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს ოპოზიციას და არც არაფერი… ერთადერთი მიზეზი, რატომაც ითქვა უარი ამ ნორმაზე არის ის, რომ ეს არის უბრალოდ სიმახინჯე. მას არ აქვს არანაირი ანალოგი და პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში… სიმახინჯეები არ იწერება ქვეყნის მთავარ კანონში, კონსტიტუციაში”, -განაცხადა 6 ირაკლი კობახიძემ.

ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის “მოქალაქეები” მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან გენერალური პროკურორის შესახებ ჩანაწერის ამოღებას. პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, კანონპროექტში არსებული ჩანაწერით, სავარაუდოდ, ვერ მოხდება გენერალურ პროკურორად ასარჩევ კანდიდატზე შეთანხმება, ისევე, როგორც ეს ვერ მოხერხდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევისას

მსგავსი პოსტები

Back to top button