
5 ივნისს რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში იეჰოვას კიდევ ერთ მოწმეს, არტიომ გერასიმოვს, “ექსტრემისტული” ჯგუფის წევრობის ბრალდებით, 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
“ყირიმის უზენაესი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას რელიგიური დევნა სისასტიკის ახალ საფეხურზე აჰყავს.” – განაცხადა იეჰოვას მოწმეების სპიკერმა, იაროდ ლოპესმა.
მარტში გერასიმოვი “ექსტრემისტული” აქტივობების ორგანიზებისთვის გაასამართლეს და 400 000 რუბლით დააჯარიმეს.
რუსი მაღალჩინოსნები ათეულობით იეჰოვას მოწმეს დევნიან. ეს ანექსირებულ ყირიმში მეორე შემთხვევაა, როდესაც იეჰოვას მოწმეს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
გერასიმოვის მსგავსად, 5 მარტს ანექსირებულ ყირიმში იეჰოვას მოწმე სერგეი ფილატოვი 6 წლით დააპატიმრეს.
მისმა მხარდამჭერებმა თქვეს, რომ ფილატოვი უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სადაც იეჰოვას მოწამეობა დასჯადი არ არის, ყირიმში, ჯანკოიში გადავიდა, რათა ავადმყოფი ქალიშვილისთვის მოევლო.
2017 წელს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია ექსტრემისტულად ცნო და რუსეთის იუსტიციის მინისტრმა იეჰოვას მოწმეებს ქვეყანაში ქადაგება აუკრძალა.
მინისტრმა რუსეთის უზენაეს სასამართლოს მოსთხოვა, რომ რელიგიური ორგანიზაციის სათავო ოფისი დაეხურათ და 175 000 წევრისთვის “ექსტრემისტული” ლიტერატურის გავრცელება აეკრძალათ.
ამის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 80 შემთხვევა აღირიცხა, როდესაც რელიგიური ჯგუფის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
იეჰოვას მოწმეების თქმით, გასული წლის მარტში რუსეთში, ქალაქ სურგუტში საგამოძიებო კომისიის ოფისში დაკითხვისას ისინი გააშიშვლეს, სცემეს და ელექტროშოკით აწამეს.
რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელმა აკრძალვასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს არის რელიგიური დევნა და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა იმ ადამიანების მიმართ, ვინც უბრალოდ, საკუთარ რწმენას გამოხატავს.
იეჰოვას მოწმეების ორგანიზაცია რუსეთში 1991 წელს დარეგისტრირდა. საბჭოთა კავშირის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე ციმბირში გადაასახლეს. იმ დროისათვის, სხვა ქრისტიანული ჯგუფებიც იდევნებოდნენ.