მსოფლიოსიახლეები

II მსოფლიო ომში გამარჯვებას რუსეთი 24 ივნისს აღნიშნავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად, სამხედრო აღლუმი 24 ივნისს ჩატარდეს.

“ბრძანებას გავცემ, დაიწყოს მზადება სამხედრო აღლუმისათვის მოსკოვსა და სხვა ქალაქებში. ის 24 ივნისს ჩატარდება”. – განაცხადა მან. 

პუტინის თქმით, თარიღი 1945 წლის გამარჯვების აღლუმს ემთხვევა. პუტინმა ასევე თქვა, რომ უკვდავთა პოლკის მარში 26 ივლისს გაიმართება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, მარტის შემდეგ ახალი კორონავირუსით 5 500 რუსი ჯარისკაცი დაავადდა. მათგან 3 500 გამოჯანმრთელდა.

9 მაისის სამხედრო აღლუმი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მოსკოვში მასშტაბური ღონისძიება იყო დაგეგმილი, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები უნდა დასწრებოდნენ.

ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსი 362 342 ადამიანს დაუდასტურდა. ამ მაჩვენებლით, რუსეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 8 915 შემთხვევა, თუმცა ქვეყნის მთავრობა ირწმუნება, რომ სიტუაცია გაუმჯობესდა და რუსეთის ზოგიერთ ნაწილში, შემოღებული აკრძალვების შემსუბუქება დაიწყო.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით რუსეთში 3 807 ადამიანი დაიღუპა, ბოლო 24 საათში, – 174. თუმცა, ეს მონაცემები საეჭვოა, რადგან როგორც მოსკოვის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება. უწყების განმარტებით, მათ სხვა დაავადებაც ჰქონდათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button