მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ილია დარჩიაშვილი სავარაუდოდ დაესწრება სამიტს სადაც ლავროვიც იღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, სავარაუდოდ, დაესწრება სამიტს, რომელზე დასწრებაზეც ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ ლავროვის გამო უარი თქვეს – ამის შესახებ გამოცემა Ехо Кавказа წერს.

გამოცემა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ მათ ეუთოს სამიტში მონაწილეობაზე უარი თქვეს – ისინი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სამიტზე ყოფნას ეწინააღმდეგებიან. განცხადებაში წერია, რომ ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მინისტრებს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია არ სურთ.

“ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ეუთოს ერთი მონაწილე სახელმწიფო აქტიურად და სასტიკად ცდილობს მეორის განადგურებას… თავდაპირველად, ეუთო ევროპის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად შეიქმნა. რუსეთმა კი თავისი უკანონო და სასტიკი ქმედებებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპის უსაფრთხოების პარტნიორი არ არის. ფაქტობრივად, დღეს, ევროპას რუსეთისგან უსაფრთხოება სჭირდება – მის წინააღმდეგ და არა მისგან”, – წერია განცხადებაში.

ასევე, ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია, ზიანის ანაზღაურება და ომის დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

მანამდე კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ეუთოს მინისტერიალს ბოიკოტს გამოუცხადებს. უკრაინის დელეგაცია ღონისძიებას ელჩების დონეზე დაესწრება.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს სამიტი 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიაში გაიმართება. ჩრდილოეთ მაკედონია, მიუხედავად სანქციების ფარგლებში რუსული თვითმფრინავების მათ საჰაერო სივრცეში შესვლის აკრძალვისა, სპეციალურად ამ სამიტისთვის ლავროვის თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის გახსნას დათანხმდა.
ცნობისთვის ევროკავშირის წევრმა ბულგარეთმა თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა თვითმფრინავს, რომლითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უნდა ჩავიდეს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში. ლავროვმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში.

ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუხურეს 2022 წლის თებერვლის, უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ბულგარეთის საჰაერო სივრცეში ლავროვის თვითმფრინავის შეშვება გამონაკლისის სახით დაუშვეს, ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის, მინისტრთა შეხვედრის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიის თხოვნით.

სკოპიეში 30 ნოემბერს იწყება ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა. ჩრდილოეთი მაკედონია ნატოს წევრი პირველი სახელმწიფოა, სადაც ლავროვი ჩავა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

ეუთოს წინა მინისტერიალზე, რომელიც 2022 წელს, პოლონეთში ჩატარდა, ვარშავამ უარი თქვა ქვეყანაში ლავროვის შეშვებაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button