მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

Georgian Airways-ი თბილისიდან სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით ფრენებს იწყებს

დეკემბერში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საერთო რაოდენობამ შესაძლოა კვირაში 58-ს მიაღწიოს

10 დეკემბრიდან ქართული კომპანია Georgian Airways-ი მოსკოვის გარდა თბილისიდან ახლა უკვე სანქტ-პეტერბურგშიც იფრენს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. პირდაპირი რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება – ოთხშაბათს და კვირას.

ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტის ოპერატორის, შპს „Воздушные ворота северной столицы-ის” პრესსამსახურმაც.

ავიაკომპანია Georgian Airways-ს, საქართველოსა და რუსეთის ოფიციალურ უწყებებს ახალი რეისების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. ამჟამად ავიაკომპანია თბილისსა და მოსკოვს შორის ასრულებს პირდაპირ რეისებს. სანქტ-პეტერბურგიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით კი დაფრინავს რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი.

მანამდე თბილისიდან Georgian Airways-ის რეისის შესრულებაზე ინფორმაცია გამოჩნდა მაჰაჩყალის აეროპორტის განრიგში. თუმცა ავიაკომპანიის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ წელს თბილისიდან მაჰაჩყალაში ფრენები არ განხორციელდება და მომავალი წელიც კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ცნობა, რომ ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისი-მაჰაჩყალის, ასევე თბილისი-სანქტ-პეტერბურგისა (10 დეკემბრიდან) და ბათუმი-მოსკოვის (12 დეკემბრიდან) მიმართულებებით იფრენს, ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა გაავრცელა.

დეკემბერში რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საერთო რაოდენობამ შესაძლოა კვირაში 58-ს მიაღწიოს.

რუსული Red Wings-ის ფრენები იგეგმება რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებებით (ჯამში 23 ფრენა კვირაში).

მიუხედავად იმისა, რომ რუსული კომპანიის ვებგვერდზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, საქართველოს ოფიციალურ უწყებას შესაბამისი ნებართვების გაცემის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

რუსეთიდან საქართველოში დაფრინავს ავიაკომპანია „აზიმუტიც“. კერძოდ, მოსკოვი–თბილისი–მოსკოვი, სოჭი–თბილისი–სოჭი, მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი, მინვოდი – თბილისი – მინვოდის რეისებზე.

შეგახსენებთ 1-ელ ივლისს, უკრაინამ ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

პაკეტი მოიცავს პერსონალურ სანქციებს Georgian Airways-ის დამფუძნებლის, თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგაც. სანქციები 10 წლის ვადით იქნება ძალაში. ჯამში სანქციები ეხება 190 პირსა და 290 კომპანიას.

თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, Georgian Airways იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით ფრენები აღადგინა. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ Georgian Airways უკრაინამ დაასანქცირა. საჰაერო კომპანია პირველი ქართული დასანქცირებული კომპანია გახდა.

ცნობისთვის მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების უფლება მისცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button