მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ წნელისში 15 ოქტომბერს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე ვასიკო ქენქაძე დე ფაქტო სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. 27 ნოემბერს ქენქაძე ახალგორის ე.წ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის [ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის კანონმდებლობით ხელმძღვანელობენ] 322-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა) დანაშაულის ჩადენაში და 50 000 რუსული რუბლით დააჯარიმა.
როგორც დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, 1997 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე 28 ნოემბერს გაათავისუფლეს და ქართულ მხარეს გადასცეს.

ამასთან როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალაანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ვასიკო ქენქაძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

უწყების ცნობით, ვასიკო ქენქაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა “ცხელი ხაზის” მექანიზმი.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ქენქაძის გადმოყვანის შემდეგ, ცნობა გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

“უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ბოლოს, 25 ნოემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button