ფინეთი სრულად ხურავს რუსეთთან საზღვარს
ფინეთი ხურავს რუსეთის საზღვარზე დარჩენილ უკანასკნელ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს, რათა შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებლების შედინება რუსეთის ტერიტორიიდან, განაცხადა ფინეთის მთავრობამ სამშაბათს.
გადაწყვეტილება ლაპლანდიაში მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვა ოთხშაბათს ღამით, 30 ნოემბერს შედის ძალაში. ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რატანენმა დააზუსტა, რომ თავშესაფრის მიღების თაობაზე განაცხადის შეტანა შესაძლებელი იქნება ნავსადგურებსა და აეროპორტებში.
ორპომ აღნიშნა, რომ ფინეთის მთავრობამ რუსეთთან ყველა სასაზღვრო პუნქტის დახურვა გადაწყვიტა, რომელთაგან ამ მომენტამდე მხოლოდ ერთი ფუნქციონირებდა – სასაზღვრო-გამშვები პუნქტი “რაია-იოოსეპი” ლაპლანდიის რაიონში.
როგორც პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა პრესკონფერენციაზე, ხელისუფლებას სურს შეაჩეროს „რუსეთის ორგანიზებული ქმედებები ქვეყანაზე ჰიბრიდული ზემოქმედების კუთხით“. ფინეთში აქვთ ეჭვი, რომ რუსეთი განგებ უწევს ორგანიზებას საზღვრებისკენ თავშესაფრის მაძიებელთა უწყვეტ ნაკადად დენას. მოსკოვი ამას უარყოფს.
ფინეთის სასაზღვრო დაცვის ცნობით, ნოემბერში რუსეთიდან ფინეთში შევიდა დაახლოებით 900 მიგრანტი კენიიდან, მაროკოდან, სომალიდან, იემენიდან, სირიიდან, პაკისტანიდან. ადრე ასეთი სტუმრების რაოდენობა დღე-ღამეში ერთს არ აღემატებოდა, შენიშნავენ უწყების თანამშრომლები.
ჰელსინკის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფინეთსა და რუსეთს შორის ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები, წერს სააგენტო DPA.
როგორც პეტერი ორპომ განაცხადა, მიგრაციის ინსტრუმენტად გამოყენება გრძელდება და რუსეთი ფინეთზე ზეწოლას ცდილობს ჰიბრიდული მეთოდებით, რაც მიუღებელია.
გადაწყვეტილება ძალაში 29 ნოემბრიდან 30 ნოემბრისთვის შუაღამეს შევა და 13 დეკემბრამდე გაგრძელდება. თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადების გაკეთება მხოლოდ პორტებსა და აეროპორტებში იქნება შესაძლებელი.
ფინეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზეზად რუსეთის მიერ ფინეთზე გავლენის მოხდენა გახდა, რაც ჰელსინკისთვის მიუღებელია.
ორშაბათს “რაია-იოოსეპის” გამშვებ პუნქტზე თავშესაფრის შესახებ განცხადება მხოლოდ რამდენიმე მიგრანტმა გააკეთა, სამშაბათს – არც ერთმა, თუმცა ორპოს თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას ფინეთი არა ციფრებით, არამედ ვითარების ზოგადი შეფასებით ხელმძღვანელობდა.
25 ნოემბრიდან რუსეთ-ფინეთის საზღვარზე მოქმედებდა მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მურმანსკის ოლქში.
ნოემბერში რუსეთიდან ფინეთში გადასული უსაბუთო მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მანამდე რუსი მესაზღვრეები ასეთ მოგზაურებს ქვეყნიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მზარდი მიგრაციის აღსაკვეთად ფინეთმა რუსეთთან საზღვარზე თავისი საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვა დაიწყო.