ილია მეორე: ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე,ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საკვირაო ქადაგებაში ეხმაურებადა ბრძანებს, რომ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები და სახელმწიფოები უკანონობას აკანონებენ.

“ეს დიდი შეცდომაა და ამას ამბობენ თვითონ ამერიკელები, სასულიერო პირები. ამას ვადასტურებთ ჩვენც და ვამბობთ, რომ ეს არის დიდი შეცდომა”, – განაცხადა პატრიარქმა.საქართველოს პატრიარქის თქმით,ქართველმა ადამიანმა უნდა გაარჩიოს სად არის კეთილი და ბოროტი და რა არის მისაღები და მიუღებელი.

“ხშირი შემთხვევაა, როდესაც ადამიანი თავისუფლებას ბოროტად იყენებს და ამით სარგებლობს. ეს დამღუპველია ადამიანის სულისთვის. სრული თავისუფლება რომ მიეცეს ადამიანს, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო არც ათი მცნება, არც კანონები, არც წეს-ჩვეულებები. აი ამიტომ, ჩვენ უნდა გავარჩიოთ, რა არის სასარგებლო ჩვენთვის”, – ბრძანა პატრიარქმა.
რომლის თქმითაც, ადამიანი ყოველდღე იმყოფება გამოცდის წინაშე – მან უნდა აირჩიოს კეთილი ან ბოროტი.

“ამიტომ ღმერთმა მოგვცა თავისუფალი ნება, რომ ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს სულიერ ამაღლებაში, გარდა ღვთისა, ადამიანმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. რა არის თავისუფლება? ეს არის ის მდგომარეობა, როცა ადამიანი ირჩევს კეთილს და უარყოფს ბოროტს. თავისუფლება არის ყოველდღიური გამოცდა ადამიანის. ამიტომ, ადამიანს უნდა ჰქონდეს სასულიერო ხედვა, რომ დაინახოს სად არის თეთრი და სად შავი, სად არის კეთილი და სად ბოროტი. ხშირია შემთხვევა როდესაც ადამიანი ვარდება ცოდვაში და ვერ გრძნობს ამას. ამას მიიჩნევს როგორც ბუნებრივ მოვლენას და ადამიანის თვისებად. სინამდვილეში ეს არის ცოდვაში ჩავარდნა. ამას სჭირდება სინანული, აღსარება. წმინდა მამები ამბობენ, რომ აღსარება, რომ არ ყოფილიყო, ვერც ერთი ადამიანი ვერ ცხონდებოდა”, – ბრძანა პატრიარქმა დღევანდელ კვირის ქადაგებისას.

მსგავსი პოსტები

Back to top button