მნიშვნელოვანიმსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

“იმედი მაქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლა აღდგება”

მოსკოვი ყურადღებით აკვირდება თბილისში არსებულ მდგომარეობას და იმედი აქვს, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა ახლო მომავალში აღდგება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდ“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იმედი მაქვს, საქართველოსთან ავიამიმოსვლის ადგენა უახლოესი მომავლის საქმეა. საქართველოში არსებულ მდგომაროებას ყურადღებით ვაკვირდებით, რასაკვირველია, რეგიონსა და მსოფლიოში სანიტარული და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ზოგად ნორმალიზებასა და სხვა მიმართულებით ფრენების აღდგენასაც ველოდებით.“ – აღნიშნა ლავროვმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პანდემიის გამო შეწყვეტილი პოლიტიკური დიალოგი კარასინ-აბაშიძის ფორმატში მალე აღდგება.

„რუსეთი ყოველთვის აფასებდა მეგობრულ კავშირებს ქართველ ხალხთან, რომელთან ერთადაც ჩვენ ერთ საუკუნეზე მეტხანს, სხვადასხვა სახელით, მაგრამ ერთ სახელმწიფოში ვიცხოვრეთ.” – აღნიშნა ლავროვმა.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ფრენებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თუკი მსგავსი წინადადება იქნება, ამას მთავრობაში განიხილავენ, არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც, რადგან რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა.

ნათია თურნავა

“დღემდე ჩვენთან რაიმე ოფიციალური წინადადება ან განაცხადი რუსული ავიაკომპანიებისგან არ შემოსულა. ჩვენთვის არ არის ცნობილი, ოფიციალურად თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნა მიღებული რუსეთის მხარის მიერ იმ შეზღუდვის გადახედვაზე და დაველოდებით ამ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინაც ვამბობდით, როცა რუსეთმა შეწყვიტა ავიამიმოსვლა, რომ იმ გადაწყვეტილებას მაშინ რაიმე მიზანშეწონილობა არ ახლდა, რადგან არც მაშინ და არც შემდგომში არასოდეს, რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს არაფერი ემუქრებოდათ საქართველოში და აბსოლუტურად უსაფრთხო იყო და არის ჩვენი გარემო. დღესდღეობით, თუკი მსგავსი წინადადება შემოვა, ჩვენ ამას განვიხილავთ უკვე არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალიწინებითაც. რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა. მინდა მაინც იმედი გამოვთქვა, რომ რეგიონში მთლიანად მალე იქნება ეს ვითარება ნორმალიზებული და ჩვენ შევძლებთ უფრო სრულმასშტაბიანად აღვადგინოთ ტურისტული ნაკადი. მე არ მინდა რაიმე პროგნოზების გაკეთება, რადგან საკითხი კომპლექსურია. ერთი, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი, გადაწყვეტილება იქნა თუ არა მიღებული ამ ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რასაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ეპიდემიოლოგიასთან. დღესდღეობით საკმაოდ რთულია ეპიდემიოლოგიური ვითარება ჩვენს სამეზობლოში. ჩვენ ველოდებით, რომ ყველგან ეს სიტუაცია დასტაბილურდეს, რადგან ჩვენი სამეზობლო იყო ერთ- ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ჩვენი ტურიზმის განვითარებაში.” – განაცხადა თურნავამ.

არჩილ თალაკვაძე

საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს. ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინტერვიუს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ რუსეთს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია სურს, უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

„ლავროვის განცხადებაზე ხელისუფლების პოზიცია პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ გაახმოვანა. მე, რასაკვირველია, შემიძლია ის გითხრათ, რომ საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე, არავითარ დათმობას არ აპირებს. საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, სიმართლე ჩვენ მხარესაა. ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული, ამიტომ თუ რუსეთს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია, რასაკვირველია, პირველ რიგში, უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარისკაცები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რასაკვირველია, საუბარი რაიმე ტიპის ნორმალიზაციაზე.

“მე მინდა გითხრათ, საქართველოს არჩევანი არის მშვიდობიანი დემოკრატიული განვითარება. დარწმუნებული ვართ, მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაიშლება, როგორც თავის დროზე ბერლინის კედელი დაინგრა.” – განაცხადა თალკავაძემ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და მათი აღდგენა, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური პირობების შემთხვევაში, ძირითადად, მოსკოვზეა დამოკიდებული.

ზურაბ აბაშიძე

„საქართველოც მომხრეა, რომ რუსეთთან, ისევე როგორც სხვა მეზობლებთან, ჩამოყალიბდეს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ ისინი უნდა ეფუძნებოდეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ სხვა ნორმებს. საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციამ განაპირობა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და მათი აღდგენაც ამაზევეა დამოკიდებული. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთ-ერთ პრიორიტეტად ნამდვილად გამოაცხადა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია, რისთვისაც მთავარი ფორმატის – ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დამატებით, შეიქმნა არაფორმალური კომუნიკაციის არხი – აბაშიძე-კარასინის დიალოგი, რომელმაც შედეგად მოიტანა სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროებში მნიშვნელოვანი წინსვლა არ აისახა რუსეთის მიდგომებზე აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში, არც პოლიტიკურ და უსაფრთხოების, არც ჰუმანიტარულ განზომილებებში.

„გრძელდება მილიტარიზაციის, ბორდერიზაციის, ხელოვნური გამყოფი ხაზების გავლების პროცესი, ყოველდღიურად ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს. თუ რუსეთს ნამდვილად სურს მეგობრული ურთიერთობების და ორმხრივი კავშირების სრულფასოვანი აღდგენა, მან უპირველეს ყოვლისა, უნდა დაიწყოს საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების შესრულება და რეალური პროგრესი გვიჩვენოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში.” – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა უნდა მოხსნას. აღნიშნულის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

“ნორმალიზების გზა არის, რომ რუსეთმა უნდა მოხსნას შეზღუდვა ფრენებზე. ეს იქნება მთავარი ნაბიჯი, რაც ურთიერთობების ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.” – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისს შეწყდა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button