ანალიტიკაბიზნესრევიუეკონომიკასიახლეები

ინფლაცია კლებას მარტიდან დაიწყებს – კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ინფლაციის კლებას მარტიდან ელის. მისი განმარტებით, ფასების ზრდის გამომწვევი ფაქტორების ზემოქმედება სწორედ მარტიდან შემცირდება.

„თუ უშუალოდ ვისაუბრებთ ინფლაციის მიზეზებზე, ესაა გაზრდილი საერთაშორისო ფასები. მაგალითად, ნავთობი ერთი წლის განმავლობაში, თითქმის ორჯერ გაძვირდა. ინფლაციის ზრდას ხელი შეუწყო ლარის გაუფასურებამაც. საქართველოს შემთხვევაში მოხდა კომუნალური სფეროს სუბსიდირება, რამაც თავდაპირველად შეამცირა ინფლაცია, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ეს გარემოება მაინც უარყოფითად აისახა. ვფიქრობთ, რომ ინფლაციის გამომწვევი ფაქტორები მილევად რეჟიმში გადავა და მარტის თვიდან დაიწყება წლიური ინფლაციის შემცირება“,- ამბობს გვენეტაძე.

მისი თქმით, იყო მოლოდინი, რომ მარტში ინფლაცია 6%-მდე ჩამოვიდოდა, თუმცა იმის გამო, რომ ნავთობი გაძვირებას აგრძელებს და ხორბალიც ძვირდება, შემცირება მოსალოდნელზე ნაკლები იქნება. გვენეტაძეს იმედი აქვს, რომ ინფლაციასთან დაკავშირებულ უარყოფით მოლოდინებს ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გაანეიტრალებს.

„თუ ვნახეთ, რომ ინფლაციის დასარეგულირებლად არის კიდე სხვა ზომები საჭირო, რა თქმა უნდა ამ ზომებს მივიღებთ. პირველი ამ შემთხვევაში იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი“,- აღნიშნავს გვენეტაძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button