იორდანიაში ტერორისტებმა ტურისტები მძევლად აიყვანეს [Photo/Video]

იორდანიაში ტერორისტებმა ტურისტები მძევლად აიყვანეს და ქალაქ ელ-კარაკში მდებარე შუა საუკუნეებში აშენებულ ციხე-სიმაგრეს თავი შეაფარეს. ინფორმაციას ტელეარხი Al Arabia ავრცელებს.
ტერორისტების ჯგუფმა ელ-კარაკის პატრულზე თავდასხმათა სერია მოაწყო და ჟანდარმერიას ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი ქალაქის ცენტრში მდებარე ჯვაროსანთა უძველეს ციხე-სიმაგრეში გამაგრდა.
ინციდენტის შედეგად კანადელი ტურისტი ქალი და 4 სამართალდამცველი დაიღუპა.
ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, კიდევ 22 ადამიანი დაიჭრა. მძევლად აყვანილ ტურისტთა რაოდენობა ჯერჯერობით გაურკვეველია.
ტელეარხის ინფორმაციით, ქალაქი ელ-კარაკი 12 საუკუნეში აგებული ჯვაროსანთა უდიდესი ციხე-სიმაგრითაა ცნობილი.
თავდამსხმელთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ცნობილი გახდა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა იორდანიას 16 ჯავშანტრანსპორტიორი Marder-ი გადასცა. მომავალი წლის ბოლომდე იორდანიის ჯარმა გერმანიისგან კიდევ 34 ჯტრ-ი უნდა მიიღოს.
ტექნიკის გადაცემის ცერემონიაზე, რომელიც იორდანიის დედაქალაქ ამანში 11 დეკემბერს გაიმართა, გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა მეტად აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იორდანია ტერორისტული ორგანიზაციების ზეწოლას ვერ გაუძლებს.