ირაკლი მამალაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმის, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადებით, მას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. ჟურნალისტი ადასტურებს, რომ სამი წლის განმავლობაში, პროფესიული ურთიერთობა ჰქონდა დეკანოზთან და მისი დაკავების საქმეზე პროკურატურამ დაკითხა.

მამალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პირდაპირ ეთერში გავრცელებული ინფორმაციით, მას, როგორც მოწმეს, საფრთხე შეექმნა.

მამალაძე განმარტავს, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ნოდარ მელაძეს ინფორმაცია, როგორც წყარომ, ისე მიაწოდა და მისგან ამ ინფორმაციის გაუვრცელებლობის დაპირება მიიღო.

მისივე განმარტებით, საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი.

რაც შეეხება მტკიცებულების სახით არსებულ ჩანაწერს, მამალაძე ამბობს, რომ ეს ჩანაწერი არ გაუკეთებია, თუმცა მისი განმარტებით, დანაშაულის მამხილებელი მასალის ჩაწერა კანონდარღვევა არ არის.

10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ მამალაძე ამზადებდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

ინფორმაციის წყარო

მსგავსი პოსტები

Back to top button