მსოფლიოს ქვეყნები კვლავ რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

ფინეთის მედია იტყობინება, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სანა მარინი მზად არის განიხილოს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება.
მარინმა, რომელიც კიევს 10 მარტს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ჰელსინკი გეგმავს თანამედროვე, F-35A-ის ტიპის 64 გამანადგურებლის შესყიდვას და ამით Hornet-ის ტიპის 62 გამანადგურებლების შეცვლას. მარტინის თანახმად, Hornet-ები შეიძლება უკრაინას გადაეცეს, თუმცა იქვე ახსნა, რომ მოლაპარაკება საწყის სტადიაშია.
უკრაინა თვეების განმავლობაში მოითხოვს თავისი დასავლელი მოკავშირეებისგან თანამედროვე გამანადგურებლების მიწოდებას. 8 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში მოლაპარაკებისას მოუწოდა საფრანგეთსა და გერმანიას, მიაწოდონ გამანადგურებლები „რაც შეიძლება სწრაფად“, რადგან უკრაინას რუსეთის იერიშის მოგერიება უწევს ქვეყნის აღმოსავლეთში.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი, პარიზში შეხვედრის დროს, უკრაინის შემდგომი დახმარების საკითხზე შეთანხმდნენ. ეს დახმარება შეიარაღების მიწოდების გაგრძელებასა და საზღვაო ქვეითების წვრთნას შეეხება.
„როდესაც საფრთხე ემუქრება ჩვენს კონტინენტს, ყოველთვის ვიქნებით დაცვის წინა ხაზზე… ჩვენ შევძლებთ გადამწყვეტი უპირატესობა მივანიჭოთ უკრაინას ბრძოლის ველზე, რათა მან მოიგოს ეს ომი“, – „ევრონიუსის“ ცნობით, ეს განცხადება გააკეთა რიში სუნაკმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ; ხოლო ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ „რუსეთს არ შეუძლია და არ უნდა მოიგოს ეს ომი“.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, „დღევანდელი პრიორიტეტი სამხედრო ხასიათისაა“ და ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას მომავალი კონტრშეტევისთვის; ხოლო უფრო ხანგრძლივ პერსპექტივაში, ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს „მდგრადი მშვიდობის“ მშენებლობისთვის, „უკრაინის მიერ შერჩეული პირობებით“.
10 მარტს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა უკანონო მიგრაციის შეჩერების თემა განიხილეს – ბრიტანეთმა აიღო ფინანსური ვალდებულება მომავალი 3 წლის განმავლობაში დაახლოებით 500 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ, ხოლო საფრანგეთი სანაპიროს კონტროლის მექანიზმებს გააძლიერებს.
იუწყებიან, რომ 2023 წლის პირველ 2 თვეში, მიგრანტების რიცხვი 82%-ით არის გაზრდილი, წინ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ნაკადში, რომელიც, საფრანგეთის გავლით, ბრიტანეთისკენ მიემართება, ჭარბობენ მიგრანტები ავღანეთიდან, ერაყიდან და ერითრეადან.
დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის უმაღლესი დონის შეხვედრა 2018 წლის შემდეგ არ გამართულა, ბრექსიტის ფონზე შექმნილი დაძაბულობის შემდეგ. შესაბამისად, ამ შეხვედრას საერთაშორისო მედია “ახალ დასაწყისად” მოიხსენიებს. მალე საფრანგეთსა და გერმანიას დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ც ეწვევა.
კანადის ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსული ალუმინის და ფოლადის პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.
მათი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით, კანადა უარს ამბობს რუსეთისთვის შემოსავლის მიწოდებაზე, რომელსაც ის უკრაინაში ომის დასაფინანსებლად იყენებს.
„კანადამ და ჩვენმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს სანქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკს და დააწესეს რუსული ნავთობისა და გაზის ფასის ზედა ზღვარი. ახლა კი ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პუტინმა ვერ დააფინანსოს ომი კანადაში ალუმინისა და ფოლადის გაყიდვით,“- განაცხადა კანადის ვიცე-პრემიერმა, კრისტია ფრილანდმა.
აკრძალვა მოიცავს როგორც მზა, ასევე დაუმთავრებელ პროდუქტებს და გავლენას მოახდენს ისეთი პროდუქტების იმპორტზე, როგორიცაა ალუმინის ფურცლები, ალუმინის კონტეინერები, ასევე ფოლადის მილები.
კანადის მთავრობის უახლესი მონაცემებით, 2021 წელს რუსეთიდან ალუმინის და ფოლადის პროდუქტების თითქმის 250 მილიონი კანადური დოლარის (180 მილიონი აშშ დოლარი) იმპორტი განხორციელდა.
დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა დაასახელა Leopard 1-ის ტანკების უკრაინაში მიწოდების სავარაუდო ვადები გერმანულ კომპანია FFG-ში ვიზიტის დროს, რომელიც მათი შეკეთებითაა დაკავებული – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესტუმრე FFG-ს. მე იქ ვიყავი, რათა მენახა, რომ უკრაინისთვის Leopard 1 ტანკების მომზადებაზე მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ შევძლებთ მათ გაგზავნას უმოკლეს ვადაში…ვიმედოვნებთ, რომ გაზაფხულზე შევძლებთ უკრაინაში პირველი ტანკების გაგზავნას”, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, ის ამაყია, რომ დანია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობით მხარს უჭერს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისთვის.