ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
განცხადების თანახმად, საჰაერო თავდასხმის სირენები ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში ისმის.
ზოგიერთი მედიასაშუალების თანახმად, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მათი ჩამოგდების ვიდეოები უკვე ვრცელდება სოციალურ ქსელებში.
IDF-ის თანახმად, ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია.
ამ დროისთვის, დამატებითი დეტალები უცნობია.
აშშ-ის თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლებმა “განიხილეს აშშ-ის მზადებების სტატუსი, რათა დაეხმარონ ისრაელს ამ თავდასხმებისგან დაცვაში და რეგიონში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები დაიცვან.”
ირანის მხრიდან ისრაელზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ აშშ ხედავს ნიშნებს, რომ ირანი ემზადება ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმისთვის.
დღესვე ისრაელის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებლებს მოუწოდეს, თავშესაფრებთან ახლოს იყვნენ.