მნიშვნელოვანისიახლეები

ივანიშვილი მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ვინც პირველ ოქტომბერს უშიშრად დადგა და გასული 12 წლის განმავლობაში, ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე 12-წლიან პერიოდს აჯამებს

დღე, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას გამოხატავს – ასე იწყება ბიძინა ივანიშვილის ვრცელი წერილი, რომელიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებიდან 12 წელს უკავშირდება. მმართველი პარტიის დამფუძნებელი წერს, რომ 12 წლის წინ, 29 სექტემბერს, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა, თავისუფლების გამზირზე შეკრებით, იმდროინდელი ხელისუფლების მიერ გაბატონებული შიში დაძლია და, ორ დღეში, მისი მეთაურობით, ხელისუფლების შეცვლა შეძლო.

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე 12-წლიან პერიოდს ბეწვის ხიდზე სიარულს ადარებს, რომელმაც მმართველ გუნდს უწყვეტი მშვიდობისა და ეკონომიკური პროგრესის საშუალება მისცა.

“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებისა და ანტიდემოკრატიული პროცესების დასრულებაში პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის როლზე გააკეთა აქცენტი პარლამენტის სპიკერმა. შალვა პაპუაშვილი “ოცნების” ხელისუფლების მთავარ მონაპოვრად თავისუფალ გარემოს, ყოველწლიურად მზარდ ეკონომიკურ პარამეტრებსა და უწყვეტ მშვიდობას ასახელებს.

პირველი ოქტომბრის მნიშვნელობას სახელისუფლებო გუნდისგან განსხვავებულად ხედავენ ოპოზიციურ პარტიებში და “ოცნების” მმართველობას ნეგატიურად აფასებენ.

ოპონენტების კრიტიკას სპეკულაციურსა და დაუსაბუთებელს უწოდებენ მმართველ გუნდში. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წლიდან დღემდე, ურთულესი გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევა და ქვეყნის განვითარება შეძლო.

გადალახული საფრთხეების პარალელურად, ბიძინა ივანიშვილის წერილში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზეცაა საუბარი. მმართველი პარტიის დამფუძნებლის აზრით, გარე ლობისტების ხელით ადგილობრივი ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა მუდმივ ტურბულენტობის რეჟიმში აცხოვროს. შესაბამისად, 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას უპრეცედენტო მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. წერს, რომ “ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობა მშვიდობას, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრას და სტაბილურობას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფს.

2012 წლის პირველ ოქტომბერს “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებში დაამარცხა და, საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალა.

პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვების შესახებ წერს, სადაც აღნიშნავს, რომ „პირველ ოქტომბერს ქუდზე კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ.“
ასევე, პარტიის საპატიო თავმჯდომარე მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ვინც პირველ ოქტომბერს უშიშრად დადგა და გასული 12 წლის განმავლობაში, ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე და გაუძლო ყველანაირ ზეწოლას.
„ჩვენ გავბედეთ! შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლის და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1 ოქტომბერს კი, ქუდზე – კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ! ამ ერთიანობის ძალით შევძელით ბოროტების – სიკეთით, ხოლო სიცრუის სიმართლით, უსისხლოდ დამარცხება. სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები! ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა! ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი! ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი! ვსარგებლობ დღევანდელი შემთხვევით და მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ თანამებრძოლსა და მხარდამჭერს. მადლობა ყველას, ვინც პირველ ოქტომბერს ჩვენთან ერთად უშიშრად დადგა, გასული 12 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე და გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, რათა დღეს ისევ ჩვენ გვერდით ყოფილიყო!“-აღნიშნულია განცხადებაში.

26 ოქტომბერს საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას, ვალდებული ვართ, მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ. ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა საქართველოს ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და „არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა.“
„მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ: ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს; იმისთვის, რომ საქართველოს – ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“; იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო; იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი! ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას! უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ! ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ!“ – ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილი 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს თავისუფლების დაბრუნების დღეს უწოდებს.

“2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე რა პირობებშიც მოუწია მუშაობა მმართველ პარტიას, მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებულ, ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ გუნდს თუ შეეძლო. მათ ეს შეძლეს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დანის წვერზე გვატარეს და უწყვეტი მშვიდობით და ეკონომიკური წინსვლით მოგვიყვანეს აქამდე”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას, ამიტომ ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, რადგან ახლა ხალხის ჯერია აქტიურობით და ერთად დგომით გადაარჩინონ სამშობლო გაქრობისგან და საბოლოოდ გააფორმონ ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა.

“2012 წლის 1 ოქტომბერი, ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ემოციური ბედნიერი დღე. მაშინ მეგონა რომ ეს იყო დასასრული ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ცხრაწლიანი ჯოჯოხეთის, მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო, ნათქვამია. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე რა პირობებშიც მოუწია მუშაობა მმართველ პარტიას, მხოლოდ სამშობლოზე შეყვარებულ, ერთი იდეის ქვეშ გაერთიანებულ გუნდს თუ შეეძლო. მათ ეს შეძლეს, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით დანის წვერზე გვატარეს და უწყვეტი მშვიდობით და ეკონომიკური წინსვლით მოგვიყვანეს აქამდე. ახლა ჯერი ჩვენზეა, ჩვენი აქტიურობით და ერთად დგომით უნდა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო გაქრობისგან და საბოლოოდ გავაფორმოთ ქვეყნის ნამდვილი დამოუკიდებლობა. 26 ოქტომბერს საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას ამიტომ ყველანი არჩევნებზე, მე მჯერა ჩემი ხალხის გონიერების”, – წერს ნინო ფოჩხუა.

მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, „ქართული ოცნების“ კოალიციამ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და მას შემდეგ მესამე ვადით არის ხელისუფლებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button