2021 წლის 1 ოქტომბერს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 3 წელი გავიდა. 2021 წლის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, რომელიც საქართველოში უკანონოდ, კონტეინერით შემოვიდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დღეს თარიღი კლინიკა “ვივა მედთან” გაიხსენეს და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.
მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თავი მიუძღვნა საქართველოს, ქვეყნის აღმშენებლობას, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა, ეს ადამიანი მესამე წელია, რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით ჰყავს ოთხ კედელში გამოკეტილი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
სოფო ჯაფარიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდროს.
„დღეს ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმი სრულიად უკანონო პატიმრობაში ამყოფებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ადამიანს, რომელმაც თავი მიუძღვნა საქართველოს, ქვეყნის აღმშენებლობას, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა. ადამიანმა, რომელმაც სრულიად უიმედოდ დარჩენილი, გულაცრუებული, საქართველოდან გადახვეწილი ადამიანები საქართველოში, თავიანთ ქვეყანაში დააბრუნა და არა მხოლოდ დააბრუნა, მან ისინი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩართო. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო არ ჩამოსულა ისეთი რეიტინგული, გავლენიანი და ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ შედგენილი რეიტინგების სათავეებიდან და სულ საამაყო, სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსთვის საქართველო, წარმატებული, რეფორმატორი ქვეყანა. საქართველო, როგორც ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა. ქვეყანა, სადაც ყველაზე წარმატებით ებრძოდა ხელისუფლება კორუფციას და ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველმა მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება. დღეს ეს ადამიანი ოთხ კედელში გამომწყვდეული ჰყავს რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს. ბოლო დღეების განმავლობაში ბევრ ქალაქში ჩვენი კოალიციის ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამართეს წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც ჰქვია ძალის გამოღვიძება და მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს სწორედ გამარჯვების ძალა გამოიღვიძებს და ჩვენ ჩვენს ქვეყანას დავიხსნით რუსეთის მარწუხებისგან. ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით გავხდით ევროკავშირის ნაწილს და მივიღებთ იმ სიკეთეებს, რასაც იმსახურებენ ჩვენი ღირსეული მოქალაქეები. მათ ექნებათ ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული პენსია, სამუშო ადგილები, ჩვენს სტუდენტებს აღარ ექნებათ იმაზე ფიქრის და ნერვიულობის დრო, რომ თუ როგორ იქირაონ ბინები, როდესაც ისინი გახდებიან სტუდენტები“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
“2021 წელს, გვახსოვს ამ დღეს, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსნის ორგანიზებით შემოიპარა საქართველოში”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა და 3 წლის წინ, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა.
“2021 წელს გვახსოვს ამ დღეს, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს მიხეილ სააკაშვილი რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანის ორგანიზებით შემოიპარა საქართველოში. რა ქცევაა, როდესაც მეგობარი ქვეყნის დაზვერვის სამსახური ასეთ ძირგამომთხრელ ოპერაციას გეგმავს და ქვეყანაში აპარებს ადამიანს, რომელმაც აქ მდგომარეობა უნდა არიოს. სად არის ამაზე პასუხი უკრაინის მთავრობისგან? დღესაც ეს ადამიანი, ვინც არის ამის ორგანიზატორი, არის უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე.
მიხეილ სააკაშვილი უკვე სასჯელმისჯილი იყო, 6 წელი ჰქონდა მას მისჯილი, როდესაც თავისუფლად გადაადგილდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ტერიტორიაზე. მე მგონი, დღემდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია ეს კრიმინალი, ისევე როგორც მეორე კრიმინალი, ზურაბ ადეიშვილი არის გენპროკურორის ფაქტობრივი მოადგილე. ჩვენ ყველამ გაგვწირა მაშინ, ევროპელებმაც გაგვწირეს, ოპოზიციამაც გაგვწირა, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაწირა საქართველო და ქართველი ხალხი.
ვინც გადაარჩინა, ეს იყო ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რომელმაც ასეთი დიდი კონსპირაციით, გარედან დაგეგმილი სპეცოპერაცია გაშიფრეს, დააკავეს მიხეილ სააკაშვილი. მეორე დღიდან დაიწყო ზეწოლა, რომ რამენაირად დაეხსნათ სააკაშვილი პატიმრობიდან,” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.