მნიშვნელოვანისიახლეები

მიშა თუ ბიძინა-ივანიშვილის მთავარ გზავნილებს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ის “ქართული ოცნების” 12 წლიან მმართველობას აჯამებს, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ამ წლების განმავლობაში ქვეყანამ ბევრი მიმართულებით უკუსვლა განიცადა.

ივანიშვილის წერილი 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით თვითაღიარებაა – ყველაზე ცხადი მტკიცებულება, რომ საქართველო დღეს ზუსტად იქ დგას, სადაც 2012 წელს იდგა, – ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს.

როგორც გახარია თავის განცხადებაში წერს, „ქართული ოცნების“ 2012 წლის ღირებულებებიდან აღარაფერი დარჩა. როგორც გახარია აღნიშნავს, 12 წლის თავზე „ქართული ოცნება“ ფსიქოლოგიურად ძალადობს, ომით აშინებს და აშანტაჟებს საკუთარ მოქალაქეებს და ზუსტად იმ „ზონდერებს“ იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა” იყენებდა.

„ივანიშვილის დღევანდელი წერილი 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით თვითაღიარებაა – ყველაზე ცხადი მტკიცებულება, რომ საქართველო დღეს – 2024 წლის არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ზუსტად იქ დგას, სადაც 2012 წელს იდგა – ადამიანის გათელილი ღირსებით, უსამართლო მართლმსაჯულებით, კორუფციით და ნეპოტიზმით, პოლიტიზებული საჯარო სამსახურით, გაუქმებული ინსტიტუტებით.

2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება იყო ადამიანი და მისი ნამდვილი ღირსება. მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ გულწრფელად ვიბრძოდით უსამართლო მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ და პარტიული გავლენებისგან საჯარო სამსახურის და სახელმწიფო ინსტიტუტების გასათავისუფლებლად. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი მისივე 2012 წლის მანიფესტით იყო „მრავალპარტიული დემოკრატია“, „ევროპული ინტეგრაცია“ და „პოლიტიკური მესიანიზმის“ დასრულება ქვეყანაში.

და ახლა, 12 წლის თავზე სად ვართ? ერთ ბელად სააკაშვილს დაემატა მეორე ბელადი ივანიშვილი. სამწუხაროდ, აღარაფერი დარჩა „ქართული ოცნების“ 2012 წლის ღირებულებებიდან. „ღირსებას“ ივანიშვილი რვაჯერ ახსენებს ამ წერილში. ცხადია, სადაც ყველაზე მეტად უჭირს, იმის დამტკიცებას ცდილობს ქაღალდზე. სამწუხაროდ, დღევანდელი „ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ ელიტად, რომლისთვისაც ზუსტად ისე აღარ აქვს ფასი ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც არ ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

12 წლის თავზე „ოცნება“ ფსიქოლოგიურად ძალადობს, ომით აშინებს და აშანტაჟებს საკუთარ მოქალაქეებს. ზუსტად იმ „ზონდერებს“ იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა. სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაცვლად, ოცნებამ ნაცების სისტემის მთავარი დანაშაულებრივი სახეები საკუთარი ძალაუფლების საყრდენად აქცია – მათ გაურიგდა. ინსტიტუტები ზუსტად ისე დაუქვემდებარა პარტიულ ბელადს, როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა. საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების ნაცვლად, საჯარო მოხელეები კიდევ უფრო მეტად მოაქცია პარტიული წნეხის ქვეშ.

ხელისუფლება, რომლის გაცხადებული პოლიტიკური მიზანი ცხოვრების ღირსეული პირობები, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა იყო, დღეს იბრძვის კორუფციისთვის და არა – კორუფციის წინააღმდეგ. ხალხი ღარიბდება, პოლიტიკური ელიტა კი იცავს ხალხისთვის მოპარულ ფულს.

„ოცნება“ სამწუხაროდ, იქცა პირველ ხელისუფლებად, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული არჩევანი და ქვეყნის მომავალი.

ამიტომ, 2012 წლის მსგავსი ერთიანობით და გონიერებით, 2012 წლის ღირებულებების ერთგულებით, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთად დავამარცხოთ „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ – 26 ოქტომბერს უნდა გავიმეოროთ 1 ოქტომბერი.

ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით და ნამდვილი კეთილდღეობით ერთად უნდა გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს”, – წერია გახარიას განცხადებაში.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განცხადებაში დასახელებული მიღწევები და წარმატებები გადაჭარბებულია.

პლატფორმა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” წევრის თამარ კორძაიას განცხადებით, წერილი აცდენილია რეალობას.

“მისი განცხადება სრულიად აცდენილია რეალობას, იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ სერიოზულ მასშტაბურ პროექტს საქართველოში, რომელიც ათასობით ადამიანს დაასაქმებდა, რომელიც სიღატაკეს მოსპობდა ამ ქვეყანაში. ის ეკონომიკური ზრდა, ციფრებით წერენ, ეს ალბათ ილექება კორუფციული ელიტის ჯიბეებში”, – აცხადებს თამარ კორძაია.

შეფასება გააკეთა პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ზვიად ძიძიგურმა.

“პასუხი გაგვცეს მთავარ კითხვებზე, რას უპირებს საქართველოს, რატომ გადახედა ევროკავშირში და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებას. 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ავტორიტარულ რეჟიმს და ერთპიროვნულ მმართველობას. ჩვენ დღეს, 12 წლის შემდეგ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ. 2012 წელს მილიონ 200 ათასმა კაცმა უარი უთხრა მიშა სააკაშვილის რეჟიმს. დღეს, 2024 წელის 26 ოქტომბერს, ამომრჩეველმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, როგორც მიიღო მაშინ,” – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

“გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის გზავნილებს გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” გამარჯვებიდან 12 წლის გასვლასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს. გზავნილში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას.
რაქვიაშვილის შეფასებით, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე ხმა ვიღაცის წინააღმდეგ კი არ უნდა მისცეს, არამედ რაღაცის სასარგებლოდ.
“12 წელი, მე მგონი, იყო კარგი გაკვეთილი ქართული საზოგადოებისთვის, რომ უბრალოდ სხვის მიმართ სიძულვილით არ უნდა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. პრინციპში, ყველა ჩვენი ცვლილება ხელისუფლების, იყო ვიღაცის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. გამსახურდიას წინააღმდეგ, შევარდნაძის წინააღმდეგ, მიშას წინააღმდეგ. ახლაც, ფაქტობრივად ორი მთავარი დაპირისპირებული ძალა – “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება” ამას გვეუბნება, რომ ან ბიძინას წინააღმდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან მიშას წინააღმდეგ. არადა 12 წელში სამყარო წინ წავიდა, მარსზე ფრენას აპირებს მასკი და სულ სხვა სამყაროა, თუმცა ჩვენ რომ გადავხედოთ, ერთი რაიმე ეკონომიკური რეფორმა ჩაეტარებინა “ქართულ ოცნებას”, ვერაფერს ვერ დაასახელებ. არაფერი არ გაკეთებული რაიმე მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ისევ იგივე წერტილზე ვართ, არჩევანს ვაკეთებთ ვინ უფრო მეტად არ მოგვწონს – მიშა თუ ბიძინა.
ბოლო წლები მართლაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა არა მთავრობის დამსახურება, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია და ყველამ ეს კარგად იცის. ზოგადად, ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2013 წელს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის ბოლო წლებს ინდექსების უკან მალავდაო. ეს მართლაც ასეა. ინდექსები არ ასახავს იმ მარტივ გარემოებას, რომ 12 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არ ჩატარებულა. სინამდვილეში არაფერი არ გაუკეთებია კარგი მთავრობას. თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, მივხვდებით, რომ ეს სხვა პრობლემაა. თუნდაც მიხეილ სააკაშვილის დროს შეიძლება უამრავი სხვა გადაწყვეტილება იყო და ისე გაამწარა ხალხი, რომ ბიძინა ივანიშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში და დღემდე ამ სიძულვილზე დგას “ქართული ოცნების” ძალაუფლება, მაგრამ ბენდუქიძე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ხომ სხვა რეალობაში ვიქნებოდით. იქ ხომ ბევრი მართლა მნიშვნელოვანი რეფორმა ჩატარდა. ამიტომ, რომელიღაც ხელისუფლებას, თუნდაც შევარდნაძეს, ან ზვიად გამსახურდიას რაღაც გამართლება ჰქონდეს ყოველთვის, რატომ მოხდა ასე ან ისე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, 12 წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა მთავრობის მხრიდან კარგი, მაგრამ ბევრი ცუდი რამ გაკეთდა. მეგობრებიც კი დავკარგეთ დასავლეთში. იმედია ამ არჩევნებზე ქართველი ხალხი აირჩევს არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ რაღაცის სასარგებლოდ,” – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

“ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი, თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ დაპირებების დიდი ნაწილი შესრულებული არ არის.

“ივანიშვილის ეს ტექსტი ყველაზე კარგად ასახავს იმ 12 წელს, რომელიც ამ ქვეყანამ გაატარა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღევანდელ დღემდე. ეს არის ტოტალური ტყუილის პერიოდი ამ ქვეყანაში. 100-ზე მეტი ტყუილი დავთვალეთ იმ დაპირებებში, რომელიც 8 არჩევნების მანძილზე ივანიშვილმა გაუკეთა საქართველოს მოქალაქეებს და არ შეასრულა”, – აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან სანიკიძის მტკიცებით კი, ქვეყანაში ბევრი პრობლემა არსებობს.

“გაუფასურებელია ლარის კურსი, სურსათზე გაორმაგებულია ფასები, ქვეყანა, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დადგა, თუმცა, ეს ჩამონათვალი არაფერია იმასთან, რასაც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” საქართველოს დასავლური მისწრაფების წინააღმდეგ აკეთებენ,” – აცხადებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე.

მსგავსი პოსტები

Back to top button